Accessibility links

“რეზონანსი” წერს იმის შესახებ, რომ “ემიგრანტები საერთაშორისო ფონდს აფუძნებენ, რომელიც კოორდინირებას საზღვარგარეთ მყოფი ქართველების ქველმოქმედებას გაუწევს”. “რეზონანსის” კორესპონდენტი საფრანგეთში მცხოვრებ ზაურ გურგენიძეს დაუკავშირდა. ის ყოფილი მოსამართლე და “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წარმომადგენელია. ფონდის გეგმებზე ლაპარაკის გარდა, თერჯოლაში “ნაციონალურ მოძრაობის” საარჩევნო შტაბის უფროსობის დროინდელ ერთ ეპიზოდს იხსენებს: “არჩევნების წინა დღეს ჩამოვიდა დავით კირკიტაძე და გადმომცა ცენტრალური შტაბიდან საიდუმლო წერილი, რომლითაც მიმითითებდნენ, არჩევნების დღეს ყოველ საათში მომსვლელთა რა რაოდენობა უნდა გადამეცა თბილისში, საბოლოოდ რამდენი უნდა დამეფიქსირებინა და, მიუხედავად რეალური შედეგისა, რამდენი პროცენტი უნდა დამეწერა “ნაციონალური მოძრაობისთვის”, ანუ ოქმები უნდა შემეცვალა. ასეთი წერილი მიიღო ყველა შტაბმაო”, ჰყვება ზაურ გურგენიძე და ამბობს, რომ არ დაემორჩილა და პარტიასთან ურთიერთობა დაეძაბა.
“ახალი თაობის” პირველ გვერდზე - “ალავერდში სააკაშვილი პატრიარქს შეეკამათა?” - ამ კითხვისნიშნიანი სათაურით გაზეთში ნახავთ სტატიას, რომლის ავტორი კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ თვითმხილველზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას იშველიებს. თვითმხილველის სიტყვებით, “პრეზიდენტმა უწმინდესი ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ხმამაღლა ყვიროდა. ძალიან გაბრაზებული იყო, პატრიარქს ხელიც კი მოჰკიდა, არაფერი შეგეშალოსო”.

“ალიაში” კი სტატია იმას ეძღვნება, თუ “რატომ სცემა სააკაშვილმა ცეზარ ჩოჩელი”. მიზეზად აქაც ბიძინა ივანიშვილი, კერძოდ კი, მცხეთაში ჩატარებული “ქართული ოცნების” აქცია სახელდება: “სააკაშვილი იმაზე აღშფოთებულა, ბიძინა ივანიშვილს მთიულებმა, მოხევეებმა, ფშავლებმა, ხევსურებმა, თიანელებმა და ახალგორელებმა არნახული დახვედრა როგორ მოუწყვეს, ჩოჩელს ეძინაო?!”. “ალია” წერს, რომ ცეზარ ჩოჩელს პრეზიდენტის პირადმა დაცვამ სცემა.

“ალია” დღეს წერს იმის შესახებაც, რომ შს მინისტრ ბაჩო ახალაიას “უკვე 5 ათასი თანამშრომელი გაექცა”. დღევანდელ ნომერში ქვეყნდება ინტერვიუ ლევან ვარშალომიძის ყოფილ მრჩეველ ბაჩუკი ჩხეიძესთან, რომელიც ამბობს: “დღეს ან ძალიან ბნელი უნდა იყო, ან ძალიან მოტივირებული, რომ ვერ ხედავდე, რა ხდება. ზოგს ვერ მოსთხოვ გმირობას, ომში ვერ დაპატიჟებო”.

“საქართველოს რესპუბლიკა” დღეს ბათუმში 5 აგვისტოს გამართულ აქციაზე ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის ტექსტს აქვეყნებს.

“24 საათის” სპეციალური კორესპონდენტი წერს 6 აგვისტოს რევაზ ლაშხის მიერ ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ვერცხლის მედლის მოპოვებაზე, წერილს კი ასე იწყებს: “ყველაზე მძიმე სპორტსმენის კარიერაში ფინალის წაგებაა, მით უმეტეს, ოლიმპიური თამაშების ფინალის. ეს სიმწარე ცოტა რამეს თუ შეედრება. წარმოიდგინეთ, ჩვენ, გულშემატკივრებმა, როგორ განვიცადეთ რევაზ ლაშხის მარცხი და რა დაემართებოდა თავად რევაზს, რომელიც ამ ფინალისათვის ოთხი წელი ემზადებოდა, საუკეთესოც გახდა თავის წონით კატეგორიაში და ეს მძიმე ფინალი, ერთი ნაბიჯი ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულისგან. ძალიან რთულია. რევაზმა ჩინებულად წარმართა ორთაბრძოლები. მას უაღრესად რთული ბადე ერგო”.
XS
SM
MD
LG