Accessibility links

logo-print

გრიგორი კარასინი სამხრეთ ოსეთს შემდგარ სახელმწიფოდ მიიჩნევს


სამხრეთ ოსეთს შემდგარ სახელმწიფოდ მიიჩნევს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი. მან სააგენტო რია-ნოვოსტისთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თბილისმა სამხედრო რიტორიკა უნდა შეწყვიტოს, აღიაროს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რესპუბლიკების არსებობა და მათთან ნორმალური და თანასწორუფლებიანი ურთიერთობის დამყარება სცადოს. კარასინი მიიჩნევს, რომ მსოფლიოს სახელმწოფოთა მიერ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარების პროცესი გაგრძელდება, თუმცა, მისივე თქმით, მთავარი - რუსეთის მხრიდან აღიარება - უკვე შედგა. შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა აგვისტოს მსგავსი მოვლენების განმეორება, გრიგორი კარასინმა უპასუხა, რომ ამის აღსაკვეთად რუსეთი ყველაფერს აკეთებს, თუმცა, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს გალის რაიონში ვითარების დესტაბილიზაციას, რაც დაუშვებელია და გასათვალისწინებელია ისიც, რომ თბილისში ზოგიერთი პოლიტიკოსისთვის კვლავ აქტუალურია ტერიტორიული მთლიანობის ძალით აღდგენის რევანშისტული სცენარი. კარასინმა პროპაგანდისტული ბოდვა უწოდა იმას, რომ მოახლოებული არჩევნების გამო საქართველოს რუსეთიდან საფრთხე და აგრესია ემუქრება.
XS
SM
MD
LG