Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ "ელიტა ბურჯის" იურისტს 20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა


კომპანია "ელიტა ბურჯის" იურისტს იმედა ნიკურაძეს 20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა თბილისის საქალაქო სასამართლომ. მოსამართლე ნანა დარასელიამ 7 აგვისტოს დაკავებული იმედა ნიკურაძე დამნაშავედ ცნო პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში. გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს ადვოკატი ალა კახნიაური. მან უარყო იმედა ნიკურაძის მიერ კანონის დარღვევის ფაქტი და განაცხადა, რომ 6 აგვისტოდან უკანონოდ თავად სამართალდამცავები იმყოფებოდნენ "ელიტა ბურჯის" ტერიტორიაზე. "იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები დაესაჯათ, პატიმრობა ნიკურაძეს შეუფარდეს” - განაცხადა ალა კახნიაურმა. მისი თქმით, საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციო წესით გაასაჩივრებს და ასევე მიმართავს ადვოკატთა კოლეგიას, რომლის წევრიცაა იმედა ნიკურაძე. კომპანია ”ელიტა ბურჯი” ფართებს ქირაობდა კომპანია ”ბურჯისგან,” რომელიც აგვისტოს დასაწყისში აუქციონზე შეიძინა რამდენიმე დღით ადრე დაფუძნებულმა კომპანია ”გამამ.” აღსრულების ბიურომ იძულებით აუქციონში გამარჯვებულისთვის ”ბურჯის” ქონების გადაცემის პროცედურა ახალი მფლობელის ვინაობის ოფიციალურად გამოცხადებამდე ორი დღით ადრე, 5 აგვისტოს დაიწყო. ”ბურჯის ” ქონება თითქმის 9 მილიონ ლარად გაიყიდა გასულ კვირაში მას შემდეგ, რაც კომპანიამ უკანონოდ მიიჩნია და არ გადაიხადა ”ქართული ოცნებისთვის” შეღავათიანი მომსახურების ბრალდებით, აუდიტის სამსახურის მიერ დაკისრებული 11-მილიონიანი ჯარიმა.
XS
SM
MD
LG