Accessibility links

logo-print
დღეს “რეზონანსი” და “ახალი თაობა” სირიელი სომხების ჯავახეთში ჩასახლების თემაზე წერენ. “ახალი თაობა” სათაურშივე კითხვას სვამს - იგეგმება თუ არა ასეთი რამ. “რეზონანსის” ინფორმაციით კი, სომხური ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს სირიელი სომხებისთვის ჯავახეთში თავშესაფრის მიცემას. ლაპარაკია ორგანიზაცია “ჯავახკზე”: “საინტერესოა ის ფაქტი, რომ რუსეთში მოქმედი ეს სომხური ორგანიზაცია სომხების მიღებას არა სომხეთის ხელისუფლებას, არამედ საქართველოს სთხოვს”, - წერს “რეზონანსი”, რომლისთვისაც არასამთავრობო ორგანიზაცია “მრავალეროვანი საქართველოს” თავმჯდომარეს არნოლდ სტეპანიანს უთქვამს, რომ სირიიდან სომეხთა მასობრივი მიგრაციის ნიშნებს ვერ ხედავს და “თუ სირიის მოქალაქე სომეხი კავკასიის ქვეყნებში ჩამოსვლას გადაწყვეტს, ალბათ, სომხეთს აირჩევს”. მამუკა არეშიძე კი “რეზონანსს” ეუბნება, რომ “შარშან შემოდგომისას არაბულ პრესაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ ლაზიკის აშენების ბიუჯეტში, რომელიც შავიზღვისპირეთში უნდა აშენდეს, სირიელი სომხების ფული ჩაიდება”.

“24 საათი” წერს, რომ საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითმა კომისიამ გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის ვეტოს უფლების დაძლევის საკითხზე განცხადება წარმოადგინა. კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხიას “24 საათისთვის” განუმარტავს: “რუსეთი კონფლიქტის მონაწილე მხარეა. გაეროს უშიშროების საბჭოს კი აქვს წესი, რომლის თანახმად, მხარემ კენჭისყრაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს მუხლი გამოყენებული უნდა იყოს”.

პრესაში იხილება საკითხი - რა გზას აირჩევს მიხეილ სააკაშვილი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. “საქართველოს რესპუბლიკას” “ფორ.ჯე”-დან აქვს გადმობეჭდილი მოსაზრება, რომ “პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, თანამდებობიდან გადადგეს და „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიას სათავეში ჩაუდგეს. ამ ვერსიის ხელაღებით მტკიცება ჯერ არავის შეუძლია, თუმცა ასეთი ვარიანტი განიხილებაო”, წერს ავტორი. ამავე ვერსიაზე “ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში ლაპარაკობს “წინააღმდეგობის მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, სოსო მანჯავიძე: “თქვენი გაზეთით ამ სქემაზე ბევრჯერ გვისაუბრია და შეიძლება მართლაც აირჩია ეს გზა, რადგან საკმაოდ მოხერხებულია მისთვის. მაინცდამაინც უკეთესი ალტერნატივა არც არსებობს”.
“...მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხელისუფლების შემდეგი სამიზნე შეიძლება იყოს ირაკლი ოქრუაშვილი ან კახა თარგამაძე”, - აცხადებს “ალიას” რესპონდენტი ელისო კილაძე, რომელიც ბონდო შალიკიანის მკვლელობაში “პოლიტიკურ ანგარიშსწორებას” ხედავს.

“რეალურად რომ ვილაპარაკოთ, დღეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არის ორი პოლიტიკური პარტია - “ნაციონალური მოძრაობა” და “თავისუფალი საქართველო””, - ამას კახა კუკავა აცხადებს და აზუსტებს: “ეს არის პოლიტიკური პარტია ამ სიტყვის კლასიკური გაგებით. რაც შეეხება სხვა ჯგუფებს, თქვენ ხედავთ, რომ ზოგი ოპოზიციის სატელიტია და ოპერატიულ ქვედანაყოფებს წარმოადგენს, ზოგი სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების სატელიტია და ასევე ოპერატიულ ქვედანაყოფებს წარმოადგენს. ზოგი რაღაც ბიზნესპროექტია, რომელიც შეიქმნა კონკრეტულად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და თვითონვე აცხადებენ, რომ რაღაცა აქტივებს ყიდულობენ და მერე ყიდიან”, - ამბობს კახა კუკავა “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
XS
SM
MD
LG