Accessibility links

მუფთიებზე თავდასხმის შემდეგ თათრეთში რადიკალურ ისლამისტებს უტევენ


რუსეთის შემადგენლობაში მყოფ თათრეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში რელიგიურ ჯგუფებს და უცხოეთში განათლებამიღებულ სასულიერო პირებს ახალი შეზღუდვები დაუწესეს.

თათრეთის პრეზიდენტმა, რუსტამ მინიხანოვმა, ამ კვირაში ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რელიგიურ გაერთიანებებს ახალ შეზღუდვებს უწესებს. თათარი დეპუტატების მიერ შექმნილი კანონპროექტი, ალბათ, შედეგი იყო ორ მაღალი რანგის სასულიერო პირზე - რესპუბლიკის მუფთიზე, ილდუს ფაიზოვზე, და მის მოკავშირე ვალიულა იაკუპოვზე - თავდასხმებისა. იაკუპოვი ყაზანში ტყვიით მოკლეს, ფაიზოვს კი მანქანაში ბომბი აუფეთქეს, რასაც მუფთი გადაურჩა. ორივე სასულიერო პირი ზომიერი ისლამის მიმდევარი იყო და არ ეთანხმებოდა რადიკალური, ფუნდამენტური ისლამის გავრცელებას რუსეთის ამ რეგიონში. ამავე დროს, ორივე სხვადასხვა აღმსარებლობის მშვიდობიანი თანაარსებობის მოხრე იყო. ახალი შეზღუდვების თანახმად, აზრის გამოხატვისა და რელიგიის თავისუფლების კანონის დამატება გულისხმობს უცხოელი მოქალაქეებისთვის რელიგიური გაერთიანებების შექნის უფლების ჩამორთმევას. ახალი წესის თანახმად, რესპუბლიკაში მოქმედი 1500 რელიგიური ორგანიზაცია მოვალე გახდა თანამშრომლებთან ხელშეკრულებები გააფორმოს. თათრეთის პარლამენტში განათლებისა და კულტურის ზედამხედველობის ჯგუფს ხელმძღვანელობს რაზილ ვალიევი, რომელიც თვლის, რომ დღემდე რელიგიური ჯგუფები ანგარიშვალდებულებისგან თავისუფლები იყვნენ:

„დღემდე მთავრობა, უბრალოდ, ურჩევდა ორგანიზაციებს დაეცვათ კანონი აზრის გამოხატვისა და რელიგიის თავისუფლების შესახებ. ახალი წესებით, ორგანიზაციები ვალდებულნი ხდებიან კანონის მოთხოვნები გაითვალისწინონ. ეს მათ მეტ უფლებასაც მიანიჭებს და მათ პასუხისმგებლობასაც გაზრდის.“

თათრეთის ახალი კანონი სასულიერო პირებისგან მოითხოვს, რომ ოფიციალური სასულიერო განათლება მიიღონ. ის, ვინც უცხოეთში მიიღებს სწავლა-განათლებას, მოვალეა რუსეთში დაამტკიცებინოს თავისი დიპლომი, სანამ საქმიანობას შეუდგებოდეს. მთავრობა ეჭვობდა, რომ უცხოეთში განათლებამიღებული იმამები რადიკალურ ისლამს ქადაგებდნენ.

თათრეთის და, საერთოდ, რუსეთის ხელისუფლების, თავისი გაგებით, რადიკალიზმთან ბრძოლა ხშირად შეერევა ხოლმე ბრძოლას სხვაგვარად მოაზროვნეებთან, რის გამოც თათრეთის ამ ახალი კანონის და, საერთოდ, მაჰმადიანური ჯგუფების წინააღმდეგ მიღებული ზომების შემდეგ არაერთი მოქალაქე გამოხატავს შეშფოთებას. უფლებადამცავი ჯგუფების თანახმად, ბოლო თვის განმავლობაში 700-მდე ადამიანია დაკავებული. მათივე აზრით, ბევრი თვითნებურად დააპატიმრეს.
XS
SM
MD
LG