Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძეს 17 მილიონი ლარით დაჯარიმება ემუქრება


კახა კალაძე
კახა კალაძე
თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს 17 მილიონი ლარით ”ქართული ოცნების” წარმომადგენლის კახა კალაძის დაჯარიმების და მისი ქონების დაყადაღების საკითხს. ადვოკატმა შალვა თადუმაძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც ამოიწურა კახა კალაძისთვის მის პირად საბანკო ანგარიშზე მისივე თანხის დასაბრუნებლად დაწესებული ვადა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 8 აგვისტოს განაცხადა, რომ კახა კალაძემ წლის განმავლობაში დანიშნულების მითითების გარეშე, პირადი საბანკო ანგარიშიდან გაიტანა 3 მილიონ ლარზე მეტი და უარი თქვა ამ თანხით გაწეული ხარჯის ამსახველი ინფორმაციის წარდგენაზე, რის გამოც საბანკო ანგარიშზე თანხა უნდა დააბრუნოს. თავის მხრივ, კალაძის ადვოკატებმა აუდიტის სამსახურს მიმართეს დაესახელებინა კონკრეტული კანონი, რომელსაც მოთხოვნა ეფუძნებოდა, თუმცა, მათი განცხადებით, პასუხი არ მიუღიათ. ადვოკატ შალვა თადუმაძის განმარტებით, ჯარიმა, 17 მილიონი ლარი ხუთმაგი ოდენობაა თანხისა, რომლის პირადი ანგარიშიდან გატანის გამო სახელმწიფო აუდიტის სამსახური კახა კალაძეს ედავება. ”ქართული ოცნების” იურისტები უკანონოდ მიიჩნევენ ბიძინა ივანიშვილისადმი აუდიტის სამსახურის ანალოგიურ მოთხოვნასაც. ამ შემთხვევაში, საუბარია 5 მილიონ ლარზე მეტი თანხის შესახებ, რომლის დაბრუნების ვადა დღეს ამოიწურა. ადვოკატი ალექსანდრე ბარამიძე არ გამორიცხავს, რომ კახა კალაძის მსგავსად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ბიძინა ივანიშვილის ქონების დაყადაღებაც მოითხოვოს, რადგან მისივე შეფასებით, ”ხელისუფლება ყოველგვარ კანონს გასცდა და აკეთებს იმას, რასაც მოისურვებს.”
XS
SM
MD
LG