Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი ფალავნები განაგრძობენ ოლიმპიური მედლებისთვის ბრძოლას


ლონდონში მიმდინარე ზაფხულის 30-ე ოლიმპიურ თამაშებზე, ორდღიანი შესვენების შემდეგ, კვლავ ჩაებნენ ასპარეზობაში საქართველოს სპორტსმენები. ჩინებულად დაიწყო თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ტურნირი 55 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, რომელმაც სამი გამარჯვების შედეგად ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. შესარჩევ წრეში 21 წლის გორელმა ფალავანმა სძლია ეგვიპტელ იბრაჰიმ ფარაგ აბდელჰაკიმ მოჰამედს, მერვედფინალში დაამარცხა ბულგარელი რადოსლავ ველიკოვი, ხოლო მეოთხედფინალში აჯობა ინდოელ ამიტ კუმარს. ნახევარფინალში ხინჩეგაშვილის მეტოქე იქნება იაპონელი შინიჩი იუმოტო. მედლისთვის ბრძოლას განაგრძობს 74 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე დავით ხუციშვილიც - იმ განსხვავებით, რომ საუკეთესო შემთხვევაში იგი ბრინჯაოს ჯილდოს მოიპოვებს. პირველ ორ წრეში მონგოლი უნურბატ პურევჯავისა და გვინეაბისუელი აუგუსტო მიდანას დამარცხების შემდეგ 21 წლის საგარეჯოელი მოჭიდავე თავად დამარცხდა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონთან, რუსეთის სახელით მოასპარეზე გუდაუთელ დენის ცარგუშთან. ნახევარფინალში ეს უკანასკნელი ამერიკელ ჯორდან ერნესტ ბაროუზს შეხვდება.
XS
SM
MD
LG