Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქვს თუ არა ომს სხვა სახეც?


8 აგვისტოს თბილისში, ”კავკასიურ სახლში”, გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა ”ომის სხვა სახე,” რომელზეც ცხინვალსა და გორში ოსი და ქართველი ჟურნალისტები მუშაობდნენ. ერთობლივად მომზადებულმა წიგნმა თავი მოუყარა 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში დაპირისპირებულ მხარეთა თანადგომის არაერთ რეალურ ისტორიას. ”ომის სხვა სახის” გამოცემას ევროკავშირის დაფინანსებით მხარს უჭერდა გაეროს განვითარების პროგრამის ნდობის აღდგენის ადრეული რეაგირების მექანიზმი (COBERM).

აგვისტოს ომის დასრულებიდან მცირე ხანში, 2008 წლის შემოდგომიდან, საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-მა დაიწყო ადამიანის უფლებათა დარღვევისა და ძალადობის ამსახველი ფაქტების შეგროვება. მას ინფორმაციის მოპოვებაში არასამთავრობო ორგანიზაცია ”მეგობრობის ხიდი - ქართლოსი” ეხმარებოდა. სწორედ მაშინ ესტუმრა ორგანიზაციის ხელმძღვანელი მეგი ბიბილური ხანდაზმულ დევნილ ქალს, რომელსაც, არსებული ინფორმაციით, ომის დროს სახლი დაუწვეს, მისი შვილიშვილი კი უგზო-უკვლოდ იყო დაკარგული. მეგი ბიბილურს ტრაგედიის დეტალები აინტერესებდა, თუმცა მოხუცმა ქალმა სულ სხვა რამ უამბო - ის, თუ როგორ შეიფარეს ომის დროს ოსმა მეზობლებმა, ათი დღის განმავლობაში როგორ უვლიდნენ და შემდეგ ჩუმად გააპარეს. მეგი ბიბილური იხსენებს, რომ მის მსგავსად, ერთ დღეს ორგანიზაციის ოფისში აღელვებული მივიდა ქეთევან კაპანაძე, რომელსაც ინფორმაციის მოპოვებისას უამბეს, თუ როგორ უვლიდა დაჭრილ ოს ჯარისკაცს ქართველი ქალი და როგორ გაიყვანა სამშვიდობოს. მოგვიანებით ქართული და ოსური სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ერთობლივი ფორუმის ფარგლებში საზღვარგარეთ შეიკრიბნენ. მეგი ბიბილურის თქმით, ომის შემდგომი ეს პირველი შეხვედრა საკმაოდ მძიმე იყო. დაძაბულობის მიუხედავად, შეხვედრის ცხინვალელმა მონაწილეებმა ქართველებს უამბეს, თუ როგორ გადაარჩინეს ფეხმძიმე ოსი ქალი ქართველმა ჯარისკაცებმა და როგორ გაიყვანეს სამშვიდობოს რამდენიმე ოსური ოჯახი. თავის მხრივ, მეგი ბიბილურმა ოს კოლეგებს ქართველი დევნილების ნაამბობი გადასცა.

”ზუსტად მაშინ ვთქვით, ესეც ხომ რეალობააო და რატომ არ გავაკეთოთ წიგნი, სადაც შევა ასეთი ისტორიები და დაანახვებს საზოგადოებას, რომ იმ მძიმე დღეებშიც, მიუხედავად ყველაფრისა, ქართველები და ოსები გასაჭირში ერთმანეთს მხარში ედგნენ”, - აღნიშნა მეგი ბიბილურმა თბილისში წიგნის პრეზენტაციისას.
შეკითხვები, რომლებსაც რესპონდენტებს ვუსვამდი, მათ გაოცებას იწვევდა, რადგან ომზე სიკეთის თვალსაზრისით არასდროს ეკითხებიან. როგორც წესი, ომის შესახებ დასმული შეკითხვები სხვაგვარია ...
მარია პლიევა

ქართველმა და ოსმა სამოქალაქო აქტივისტებმა და ჟურნალისტებმა ომის სხვა სახის საჩვენებლად ისტორიების შეგროვება დაიწყეს და, საბოლოოდ, 40 ამბავს მოუყარეს თავი წიგნში, რომელსაც სწორედ ასე უწოდეს - ”ომის სხვა სახე.” მეგი ბიბილურის, ქეთევან კაპანაძის, ეკა ლომიძის, მარია პლიევას, ტამერლან ტადტაევის და თემურ ცხურბათის მიერ ე.წ. საზღვრის ორივე მხარეს მოსმენილი ყველა ამბავი რეალურია. ზოგიერთ შემთხვევაში, ამ ისტორიების გმირების თხოვნითვე, მხოლოდ მათი და სოფლების სახელებია შეცვლილი. ერთობლივი მუშაობისას იყო კომპრომისიც, მაგალითად, ტერმინოლოგიის გამო, და სწორედ ამიტომ წიგნში ერთადაა მოხსენიებული ახალგორი და ლენინგორი. ”ომის სხვა სახის” გმირები მხოლოდ ოსები და ქართველები არ არიან. წიგნში მოთხრობილია რეალური ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ უპატრონა რუსმა ჯარისკაცმა ქართველ ქალს და მის ახალშობილ ტყუპ შვილებს, როგორ მოძებნა მათი მამა და სამშვიდობოს გააცილა.

წიგნის ერთ-ერთი ავტორი, ცხინვალელი ბლოგერი და ჟურნალისტი მარია პლიევა ამბობს, რომ ”ომის სხვა სახე” 2008 წლის აგვისტოს შემდეგ პირველია, რომელიც საზოგადოებას არა ადამიანების მიერ ერთმანეთის განადგურებაზე, არამედ ერთმანეთის სიცოცხლის გადარჩენაზე უამბობს. მარია პლიევა ამბობს:

”შეკითხვები, რომლებსაც რესპონდენტებს ვუსვამდი, მათ გაოცებას იწვევდა, რადგან ომზე სიკეთის თვალსაზრისით არასდროს ეკითხებიან. როგორც წესი, ომის შესახებ დასმული შეკითხვები სხვაგვარია და უკავშირდება სიმძიმეს, სიძულვილს და მოწინააღმდეგე მხარის დადანაშაულების სურვილს. როდესაც შეკითხვას სხვა რაკურსით ვუსვამდი იმისათვის, რომ ადამიანს მოეყოლა რაღაც კეთილი ისტორია ამ ომიდან, რესპონდენტების სახეზე გაოცება იყო.”
არა, ეს არ არის რომანი, მაგრამ ეს არის წიგნი სიყვარულსა და სიკეთეზე ...
ეკა ლომიძე

მარია პლიევა და წიგნის ყველა სხვა ავტორი თავადაა დაბადებული და გაზრდილი იქ, სადაც ომი იყო. ამიტომ, როგორც ქეთევან კაპანაძე ამბობს, მათთვის ”ომის სხვა სახეზე” მუშაობა ერთდროულად მძიმეც იყო და სასიამოვნოც, რადგან მსგავსი ისტორიები უნდა იქცეს მომავალ ურთიერთობაზე დაფიქრების საფუძვლად. ქეთევან კაპანაძის აზრით, ”შესაძლოა, ეს წიგნი მაღალი მხატვრული ღირებულების არ არის, მაგრამ მისი მთავარი ღირსება შინაარსია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ეს არ იყო ქართულ-ოსური ეთნიკური კონფლიქტი.”

როდესაც ”ომის სხვა სახის” კიდევ ერთ ავტორს, ეკა ლომიძეს, ეკითხებოდნენ, თუ რაზეა წიგნი, ის პასუხობდა, სიყვარულსა და სიკეთეზეო.

”რომანია? - ყველა მეკითხებოდა. არა, ეს არ არის რომანი, მაგრამ ეს არის წიგნი სიყვარულსა და სიკეთეზე. თუმცა ეს არ არის ჩვეულებრივი სიყვარული და სიკეთე. ეს არის ის, რამაც ომი უნდა მოიგოს და ამან მომიტანა ძალიან დიდი იმედი”, - ამბობს ეკა ლომიძე.

მისივე თქმით, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ომით და ტყვიით დაწყებული საქმე ტყვიითვე უნდა მოგვარდეს. ”მაგრამ, ალბათ დამეთანხმებით, რომ შეუძლებელია ტყვიამ რაიმე საქმე სასიკეთოდ გადაწყვიტოს”, - მიმართა ეკა ლომიძემ პრეზენტაციაზე დამსწრეებს.

”ომის სხვა სახის” ავტორები მათ, ვისაც მცირე ტირაჟით გამოცემული წიგნები უკვე აქვთ, სთხოვენ, რომ ის რაც შეიძლება მეტ ადამიანს წააკითხონ. ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, წიგნი, ქართულის გარდა, რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოიცა. საქართველოში ”ომის სხვა სახის” პრეზენტაცია თბილისამდე, აპრილში, გორსა და ცხინვალში გაიმართა. წიგნის ქართველ თანაავტორებს, რომლებიც საკმაოდ ნერვიულობდნენ, ცხინვალელმა კოლეგებმა სწორედ მაშინ აცნობეს, რომ ოსურმა საზოგადოებამ ”ომის სხვა სახე” ზუსტად ისე მიიღო, როგორც ეს ავტორებს სურდათ.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG