Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”დასაბუთებული” და ”დაუსაბუთებელი” გადარიცხვები და ჯარიმები


თბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლომ, პოლიტიკური პარტიის ანგარიშზე დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხების გადარიცხვის მოტივით, 16 პირი გადარიცხული თანხის ხუთმაგი ოდენობით დააჯარიმა. ამ 16 პირს შორისაა ბანკი ”ქართუს” 8 თანამშრომელი, მათ შორის - გენერალური დირექტორი ნოდარ ჯავახიშვილი. დღესვე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო ყოფილი ფეხბურთელი კახი კალაძე და მას, 17 მილიონამდე ლარის ოდენობით, ჯარიმა დააკისრა. დაჯარიმებული ადამიანების საბანკო ანგარიშები და ქონება დაყადაღებულია.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ბანკ „ქართუს“ თანამშრომელთაგან გენერალური დირექტორის მოადგილე ნატო ხაინდრავა ერთ-ერთი პირველი დაიბარეს. დაკითხვის საგანი იყო ”ქართული ოცნების” სასარგებლოდ გადარიცხული 13 600 ლარის წარმომავლობა. ნატო ხაინდრავა ამბობს, რომ თანხა, რომელიც მან პოლიტიკურ პარტიას გადაურიცხა, ბანკის დროებითი მმართველებისაგან კომპენსაციის სახით მიიღო:

”ჩემი ხელფასი არის 6 800 ლარი და მათი მოცემული თანხა - 13 600 ლარი. ესე იგი 2 თვის კომპენსაცია და პლუს 11 დღის ნამუშევარი სრულად გადავრიცხე ”ქართულ ოცნებაში”, ოღონდ იმის შემდეგ, რაც მე ჩემი ძველი თანამდებობა დამიბრუნდა და შემოსავლის წყარო გამიჩნდა. ის თანხა, როგორც უკვე ვთქვი, ზარქუამ და უგულავამ ჩამირიცხეს ანგარიშზე და ზუსტად ეს თანხა გადავიხადე ”ქართულ ოცნებაში”. აუდიტის სამსახურის ახსნა-განმარტებაში დეტალურად დაწერილი მაქვს ეს ყველაფერი, მაგრამ არ სჯერა მოგელაძეს და მის სტრუქტურას.”
”უსამართლოდ გამათავისუფლეს სამსახურიდან და ამ გათავისუფლებისათვის ბატონმა უგულავამ და ზარქუამ მომცეს 20 000 ლარის კომპენსაცია. აქედან, ჩავთვალე, რომ 3 000 მანამდე მქონდა ნამუშევარი და მეკუთვნოდა ...
ნოდარ ჯავახიშვილი

ნატო ხაინდრავას არგუმენტები არც სასამართლოში თავის დასაცავად აღმოჩნდა საკმარისი და იგიც, დანარჩენი თხუთმეტი ადამიანის დარად, გადარიცხული თანხის ხუთმაგი ოდენობით დაჯარიმდა. 85 000 ლარის გადახდა დაეკისრა, თავის მხრივ, ბანკ „ქართუს” დირექტორს ნოდარ ჯავახიშვილს. იგი ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ 17 000 ლარი შესწირა, რაც, მისი მხრივ, ერთგვარი პროტესტი იყო ხელისუფლების მიერ „ქართუ ჯგუფის“ - მათ შორის, „ქართუ ბანკის“ დაყადაღების, მისი სამსახურიდან გათავისუფლებისა და ბანკში დროებითი მმართველების შეყვანის გამო. შეგახსენებთ, რომ ბანკი ძველი ხელმძღვანელობის ხელში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც ბიძინა ივანიშვილმა მისთვის დაკისრებული ჯარიმა, 80 მილიონამდე ლარი, სრულად დაფარა და ეს ნაბიჯი სტიქიისაგან დაზარალებული კახეთის დასახმარებლად საბიუჯეტო თანხების გაზრდის დაინტერესებით ახსნა.

”უსამართლოდ გამათავისუფლეს სამსახურიდან და ამ გათავისუფლებისათვის ბატონმა უგულავამ და ზარქუამ მომცეს 20 000 ლარის კომპენსაცია. აქედან, ჩავთვალე, რომ 3 000 მანამდე მქონდა ნამუშევარი და მეკუთვნოდა, დანარჩენი არ მეკუთვნოდა მე უგულავასა და ზარქუასაგან. ანუ მიღებული 20 000-დან, რომელიც დადასტურებულია და მთელმა საქართველომ იცის, საელჩოებმაც კი, 17 000 რომ გადავრიცხე, ვერ დავასაბუთე წყარო? მაგრამ სასამართლომაც ჩათვალა, ისევე როგორც კონტროლის პალატამ, რომ ეს დაუსაბუთებელია, ბატონო”, ამბობს ნოდარ ჯავახიშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გასაჩივრება მოჰყვება, თუმცა ადვოკატი ირმა ჭკადუა წინასწარ უკვე ეჭვობს, რომ, საბოლოოდ, საქმე მაინც დაყადაღებული ქონების აუქციონზე გატანამდე მივა. რაც შეეხება 10 აგვისტოს გამართულ სასამართლო პროცესს, ადვოკატი ამბობს, რომ, არგუმენტების არსებობის მიუხედავად, სასამართლოზე დაცვის მხარეს სათანადოდ მომზადების საშუალება არ მიეცა:
რაც აჩენს უსამართლობის განცდას, უკანონობის განცდას, არის ის, რომ ძალიან ხშირად ის ბრალდებები, რასაც აუდიტის სამსახური, პროკურატურა თუ სასამართლო უყენებს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს და აქტივისტებს, არის დაუსაბუთებელი ...
ნინო ლომჯარია

”9-ში, ანუ გუშინ, გამოწერეს სამართალდარღვევის ოქმები; გუშინ საღამოს, ანუ უკვე სამუშაო საათების ბოლოს, ჩაგვბარდა და დღეს, 10 საათზე, უკვე პროცესი იყო. პრაქტიკულად მომზადებაც კი ვერ მოვასწარით სათანადოდ. ეს აღნიშნული საკითხი საქმის დროებით გადადებასთან დაკავშირებით, სათანადოდ რომ მოვმზადებულიყავით, დასმული იქნა მოსამართლის წინაშე. ჩვენ მივუთითეთ საერთაშორისო ხელშეკრულებები, ნორმები, ასევე მოვიყვანეთ მაგალითები ევროსასამართლოს ერთ-ერთი პრეცედენტული გადაწყვეტილებიდან, მაგრამ მოსამართლემ არც გადადება გაიზიარა და, მოკლედ, დააჯარიმა.”

ადვოკატების მოთხოვნების იგნორირების მიუხედავად, ზოგადად საერთაშორისო ნორმებისა და ხელშეკრულებების გათვალისწინებას დღის წესრიგიდან არც სამოქალაქო სექტორი ხსნის. 10 აგვისტოს, კამპანია ”ეს შენ გეხებას” ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციებმა საერთაშორისო დამკვირვებლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს მიმართეს, არ დაიშურონ ძალისხმევა საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის და, ამ თვალსაზრისით, დროული და სათანადო შეფასებები მისცენ სახელმწიფო დაწესებულებების რეპრესიულ ქმედებებს.

”რაც აჩენს უსამართლობის განცდას, უკანონობის განცდას, არის ის, რომ ძალიან ხშირად ის ბრალდებები, რასაც აუდიტის სამსახური, პროკურატურა თუ სასამართლო უყენებს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს და აქტივისტებს, არის დაუსაბუთებელი. ანუ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი შეკითხვა და არის ძალიან ზუსტი იმასთან დაკავშირებით, რა უკანონობა ჩაიდინა მოქალაქემ, რაში ედება მას ბრალი და რა მტკიცებულებებით დასტურდება ეს ფაქტობრივი გარემოებები”, ამბობს ”სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია.

კანონი უნდა აღსრულდეს, ფიქრობენ სამოქალაქო აქტივისტები, მაგრამ სამართალწარმოება სამართლიანი და მიუკერძოებელი უნდა იყოს. ”ეს შენ გეხებას” მიმართვის თანახმად, სახელმწიფო ორგანოების საქმიანობა, წინასაარჩევნო თვალსაზრისით, მიკერძოებულია და ოპოზიციური პარტიების - განსაკუთრებით მთავარი ოპოზიციური კოალიციის -შევიწროებისკენაა ორიენტირებული.

”ეს შენ გეხებას” ამ განცხადების გავრცელებიდან რამდენიმე საათში თბილისის საქალაქო სასამართლომ, სამოქალაქო სექტორის შეფასებით, კიდევ ერთი უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლომ კოალიცია ”ქართული ოცნების” წევრს კახი კალაძეს 17 მილიონამდე ლარის ჯარიმა დააკისრა. ამასთან, ძალაში დატოვა ყადაღის გადაწყვეტილება საქართველოში არსებულ მის საბანკო ანგარიშებზე, 100 პროცენტიან წილებზე კომპანიებში ”მაქს ბეკსა” და ”კალა კაპიტალში” და მის კუთვნილ უძრავ-მოძრავ ქონებაზე. სასამართლომ კახი კალაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საკუთარი ანგარიშებიდან 3 388 992 ლარის ოდენობის ნაღდი ფულის მოხსნისა და ამ თანხის ხარჯვის შესახებ დასაბუთების წარუდგენლობის გამო ცნო. დაკისრებული ჯარიმა კახი კალაძემ 7 დღეში უნდა გადაიხადოს.
XS
SM
MD
LG