Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტელემედია პოლიტიკის მარწუხებში


”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პრესკონფერენცია
”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პრესკონფერენცია
საქართველოს ტელემაუწყებლობა კვლავაც მჭიდროდაა დაკავშირებული პოლიტიკასთან და ამა თუ იმ ტელეარხის მუშაობაში აშკარად შეიმჩნევა ამა თუ იმ პოლიტიკური მხარის ინტერესები, - დაახლოებით ამგვარი დასკვნებია ასახული ახალ ანგარიშში, რომელიც ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” 10 აგვისტოს გამოაქვეყნა. ანგარიშში, სახელწოდებით ”საქართველოს ტელემაუწყებლობის ანალიზი”, თავმოყრილია არაერთი პრობლემა, რომელთა წინაშეც დგანან როგორც ტელეარხები, ასევე მათთან სხვადასხვა გზით დაკავშირებული კომპანიები. რამდენად შეუშლის ხელს ეს პრობლემები ამომრჩეველს, გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე?

წინასაარჩევნო პერიოდში სატელევიზიო სექტორში მიმდინარე მოვლენები საქართველოში არსებულ ”მკვეთრად პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოს ასახავს”, – ვკითხულობთ ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ანგარიშში და ამგვარ დასკვნას ამყარებს გამოკითხვებით დადასტურებული მაყურებელთა შთაბეჭდილება, რომელზეც 10 აგვისტოს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მედიაანალიტიკოსი, ახალი ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი, მამუკა ანდღულაძე ლაპარაკობდა:

“NDI-სა და ”კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, მოსახლეობა ობიექტურად არ მიიჩნევს, ფაქტობრივად, არც ერთ ტელევიზიას, რომელსაც აქვს საინფორმაციო გამოშვება. ეს ტელევიზიები ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიასა თუ პოლიტიკოსთან ასოცირდება.”
პოლიტიკურ ძალებს სურვილი აქვთ -და მთელ რიგ შემთხვევებში ისინი აქტიურადაც ახორციელებენ - ზეგავლენა ჰქონდეთ არა მხოლოდ ამა თუ იმ მედიასაშუალების სარედაქციო დამოუკიდებლობაზე ...

ანგარიშის თანახმად, მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ტელეარხებს - მათ შორის, ”მაესტროსა” და ”კავკასიას” - 2012 წლის პირველ თვეებში, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, სარეკლამო და სხვა შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა ჰქონდათ. ამ დამატებითი შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილის წყაროდ სახელდება ”ქართული ოცნების” სარეკლამო ხარჯები, მაშინ როცა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” ანგარიშის მიხედვით, ”საქართველოს ეროვნული ტელეარხები - ”იმედი”, ”რუსთავი 2” და საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი - ახალი ამბების გამოშვებებში ძირითადად მთავრობის მიღწევებსა და რეფორმებს აშუქებენ. როგორც თემები, ისე რეპორტაჟების თანმიმდევრობა სამივე ეროვნულ არხზე ხშირად მსგავსია.”

როგორც მამუკა ანდღულაძემ აღნიშნა, ”პოლიტიკურ ძალებს სურვილი აქვთ -და მთელ რიგ შემთხვევებში ისინი აქტიურადაც ახორციელებენ - ზეგავლენა ჰქონდეთ არა მხოლოდ ამა თუ იმ მედიასაშუალების სარედაქციო დამოუკიდებლობაზე, არამედ იმ კომპანიებზეც, რომლებიც მედიასაშუალებებთან ასოცირდება.” ამ კონტექსტში სახელდება მაგალითად ახალ ანგარიშში ”გლობალ TV”-ის, ”სტერეო +”-ისა და ”ვიდეოსკოპის” გახმაურებული ისტორიები. ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის” საყურადღებოა ამ კომპანიათა ხელმძღვანელების პოზიცია, რომ ისინი ”მეცხრე არხთან” თანამშრომლობის გამო ისჯებიან.

ლიკა ბასილაია-შავგულიძე
ლიკა ბასილაია-შავგულიძე
ანგარიშში დიდ ადგილს იკავებს ”გლობალ ტივისა” და ტელეკომპანია ”მაესტროს” სატელიტური თეფშების დაყადაღების თემა, რომელსაც ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მედიაანალიტიკოსი ლიკა ბასილაია- შავგულიძე დემოკრატიული სახელმწიფოსთვის ყოვლად შეუფერებელ ტენდენციას უწოდებს:

”სამართლებრივი გარემო ინფორმაციის გავრცელებას არ უნდა უშლიდეს ხელს. ეს არის 21-ე საუკუნეში სრულიად მიუღებელი რამ... სასაცილოდ გავიხადეთ საქმე, რომ თეფშებს ზღუდავენ... მსგავსი ტენდენციები ჩვენ ვიცით ირანში და სხვა არადემოკრატიულ სახელმწიფოებში და როდესაც პრეტენზია გვაქვს დემოკრატიაზე და მიღწევებზე, ერთმნიშვნელოვნად უნდა მოგვარდეს ეს ამბავი.”

”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ახალ ანგარიშში არაერთი პრობლემა იყრის თავს. მასში, მაგალითად, ვკითხულობთ, რომ ბოლო თვეებში ”დიდ სირთულეებს გადააწყდა” ტელევიზიის სექტორში ”სტრატეგიული პოზიციის მქონე” რამდენიმე კომპანია, მათ შორის ისინიც, ”ვინც ტელეარხებსა და მათ აუდიტორიას შორის შუამავლის ფუნქციას ასრულებს”. ამ კონტექსტში საუბარია ჟურნალისტური გამოძიების ხაზით მოქმედი წარმატებული სტუდიის, „მონიტორის“ ოფისის გაძარცვაზე. ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ „მე-9 არხის“ რეპორტიორების წინააღმდეგ დევნა-შევიწროება განხორციელდა ანტიოპოზიციონერი აქტივისტების მიერ, მათ წინააღმდეგ აგრეთვე განხორციელდა შანტაჟის მცდელობა.”
ჯერჯერობით ისევ არ გვაქვს იდეალური მდგომარეობა, როცა მედია ნამდვილად დამოუკიდებელია პოლიტიკურ მხარეთა ინტერესებისგან და როცა ის ანგარიშვალდებულად თვლის ყველა პოლიტიკურ მხარეს ...
მათიას ჰუთერი

დაახლოებით 40-გვერდიან ანგარიშში ჩამოთვლილი პრობლემები აშკარად მრავალრიცხოვანი და მრავალმხრივია.

და რამდენად უზრუნველყოფს ამჟამად არსებული მდგომარეობა ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის?

რადიო თავისუფლების ასეთ შეკითხვას ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” უფროსი ანალიტიკოსი და პროგრამის მენეჯერი მათიას ჰუთერი უპასუხებს:

”ჯერჯერობით ისევ არ გვაქვს იდეალური მდგომარეობა, როცა მედია ნამდვილად დამოუკიდებელია პოლიტიკურ მხარეთა ინტერესებისგან და როცა ის ანგარიშვალდებულად თვლის ყველა პოლიტიკურ მხარეს. ვფიქრობ, ამ მიმართულებით საქართველო შემდგომ განვითარებას საჭიროებს. მაგრამ ამჟამად ის მაინც გვაქვს, რომ მედიაში წარმოდგენილია როგორც სამთავრობო, ასევე ოპოზიციური მხარეები. და ის ფაქტი, რომ ამჟამად საზოგადოების დიდ ნაწილს სწვდება როგორც სამთავრობო, ასევე ოპოზიციური ხმა, ვფიქრობ, საშუალებას აძლევს ამომრჩეველთა დიდ ნაწილს, გააკეთოს უფრო ინფორმირებული არჩევანი.”

”უფრო ინფორმირებული” არჩევანისთვის აუცილებელი მრავალფეროვანი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას მათიას ჰუტერი ”მასთ ქერისა“ და „მასთ ოფერის” პრინციპებს უკავშირებს და, ანგარიშის მიხედვითაც, სწორედ ეს საკითხი მიიჩნევა ერთ-ერთ მთავარ წინგადადგმულ ნაბიჯად. თუმცა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მიიჩნევს, რომ ეს რეგულაციები ძალაში უნდა დარჩეს არჩევნების შემდეგაც. გარდა ამისა, ახალ ანგარიშში მოყვანილია არაერთი რეკომენდაცია, რომელიც სატელევიზიო სექტორში არსებული პრობლემების აღმოფხვრას უნდა მოემსახუროს. ასე მაგალითად: სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, პროკურატურამ და სასამართლომ უნდა უზრუნველყონ, რომ მედიასაშუალებებთან, ასევე იმ კომპანიებთან დაკავშირებული გამოძიება, რომლებიც მედიასაშუალებებსა და მედიის მომხმარებლებს შორის შუამავლის როლს ასრულებენ, სამართლიანად და გამჭვირვალედ წარიმართოს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG