Accessibility links

logo-print

ავღანელი ოფიციალური პირები თალიბთან შეხვედრაზე ურთიერთგამომრიცხავ ცნობებს ავრცელებენ


ავღანელი ოფიციალური პირები ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებით გამოეხმაურნენ გავრცელებულ ცნობებს იმის თაობაზე, რომ ავღანელთა დელეგაცია ორი თვის წინ პაკისტანში შეხვდა თალიბანის ყოფილ მეთაურს, ამჟამად პატიმრობაში მყოფ მოლა აბდულ ღანი ბარადარს. ავღანეთის მშვიდობის უმაღლესი საბჭოს წევრმა, მუჰამედ ისმაილ ყასიმიარმა, ეს ცნობები დაადასტურა და სააგენტო „ფრანს პრესს“ უთხრა, შეხვედრაზე სამშვიდობო მოლაპარაკების გამართვის შესაძლებლობა განვიხილეთო. თუმცა ისლამაბადში ავღანეთის საელჩოს პრეს-მდივანმა, ზარდჰაშტ შამსმა, რადიო თავისუფლების პაკისტანურ სამსახურს განუცხადა, „ასეთი შეხვედრა არ ჩატარებულაო“. პატიმრობაში მყოფ თალიბანის ყოფილ წევრებს შორის ბარადარი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. უწინ ის თალიბანის ლიდერის, მოლა მუჰამედ ომარის მარჯვენა ხელი იყო. ის პაკისტანში 2010 წელს დააკავეს. მაშინ ქაბულმა განაცხადა, რომ მისმა დაპატიმრებამ ცუდი გავლენა მოახდინა მეამბოხეებთან მოლაპარაკების დაწყების მცდელობაზე. ყასიმიარის განცხადებით, ქაბულმა ისლამაბადს ბარადარის განთავისუფლების თხოვნით მიმართა, რადგან „მან სამშვიდობო მოლაპარაკების მიმართ“ გამოიჩინა ინტერესი.
XS
SM
MD
LG