Accessibility links

logo-print

თანამდებობის გარეშე დარჩენილი კანდიდატები


პარლამენტის შენობა ქუთაისში

პარლამენტის შენობა ქუთაისში

საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, პარლამენტის წევრობის კანდიდატად დასახელებული პირები თანამდებობებიდან 14 აგვისტომდე, ანუ არჩევნებამდე არაუგვიანეს 48 დღისა, უნდა გათავისუფლდნენ. თანამდებობის დატოვება მოუწევთ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დასახელებულ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, რომლებიც საზოგადოებას პარლამენტის თავმჯდომარემ და თბილისის მერმა 13 აგვისტოს წარუდგინეს. რატომ აწესებს საარჩევნო კოდექსი არჩევნებში მონაწილე თანამდებობის პირებისთვის შეზღუდვას და რამდენად ეფექტიანია ბრძოლა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების წინააღმდეგ?

გადადგომის ვადა, რომელიც თანამდებობის პირებმა არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში უნდა დაიცვან, საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკშიცაა გაწერილი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, თანამდებობიდან გადადგომისა და გათავისუფლების შესახებ სათანადო სამართლებრივი აქტი შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა წარედგინოს. რაც შეეხება ვადას, ცესკოს საიტზე ვკითხულობთ:

"არჩევნებამდე არაუგვიანეს 48-ე დღისა დაკავებული თანამდებობებიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ საინიციატივო ჯგუფის მიერ საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატებად წარდგენილი საარჩევნო კოდექსის 112-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები."

საარჩევნო კოდექსის 112-ე მუხლით განსაზღვრულ პირთა ჩამონათვალი კი ვრცელია და, როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი თათული თოდუა ამბობს, მოიცავს ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან სახელმწიფო თანამდებობას:

ეს პირები არიან: საქართველოს პრეზიდენტი, სამინისტროების (საქვეუწყებო დაწესებულებათა) ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები და ა.შ. სრული ჩამონათვალი ვრცელია ...
„ეს პირები არიან: საქართველოს პრეზიდენტი, სამინისტროების (საქვეუწყებო დაწესებულებათა) ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები და ა.შ. სრული ჩამონათვალი ვრცელია... ამ პირებს ხელი მიუწვდებათ ყველა ადმინისტრაციულ რესურსზე, უფლებამოსილების ფარგლებში შეუძლიათ მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. აქ არ არის მხოლოდ ისეთ წვრილმან შემთხვევებზე საუბარი, როგორიცაა ტრანსპორტის გამოყენება საარჩევნო კამპანიის დროს.“

კანონის შესაბამისად, თანამდებობიდან გადადგომა მოუწევს 13 აგვისტოს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი დეპუტატობის კანდიდატთა მნიშვნელოვან ნაწილს, მათ შორის იუსტიციის მინისტრის მოადგილეს გიორგი ვაშაძეს, რომლის გარდა თბილისში მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მმართველმა პარტიამ წარადგინა: ვაკე - გიორგი კარბელაშვილი, მთაწმინდა – არჩილ გეგენავა, კრწანისი – დავით საყვარელიძე, გლდანი – ნიკოლოზ ხაჩირიშვილი, ნაძალადევი – მერაბ სამადაშვილი, ჩუღურეთი – ანდრო ალავიძე, სამგორი - მიხეილ მაჭავარიანი, საბურთალო – ანდრია ურუშაძე, დიდუბე - გიორგი ჩაჩანიძე.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლის თათული თოდუას განმარტებით, საარჩევნო კოდექსი პოლიტიკური თანამდებობის დატოვებას ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვის მიზნით მოითხოვს:

„კანდიდატის მიმართ, რომელსაც მაღალი თანამდებობა უკავია და არის ერთ-ერთი პარტიის კანდიდატი, ცხადია, გაჩნდება ეჭვი, რომ ის გამოიყენებს თავის თანამდებობას პარტიული ინტერესებისათვის. საჯარო სამსახურში აკრძალულია ის, რომ პირმა თავისი სამსახური გამოიყენოს პარტიული საქმიანობისათვის, რადგანაც საჯარო სამსახურს გააჩნია უპარტიო ხასიათი.“

თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებს არა აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ საარჩევნო აგიტაციაში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლის ირინე ურუშაძის თქმით, მთავარია საქმე მატერიალურ-ტექნიკური და სხვა სახის საშუალებების გამოყენებამდე არ მივიდეს:

სამომავლოდ შეიძლება შეიქმნას ძალიან უხერხული ვითარება - მაგალითად, მაშინ, როცა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯება თანხები სახელმწიფო პროგრამის („მეტი სარგებელი ხალხს“) რეკლამირებისათვის, რადგანაც ის მჭდროდ არის გადაჯაჭვული მმართველ პარტიასთან ...

„ზოგადად მიღებული პრაქტიკაა, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებს (იქნება ეს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მინისტრები და ა.შ.) აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ აგიტაციაში. მთავარია სხვა რესურსების გამოყენებამდე არ მივიდეს საქმე. პრეზიდენტი კი ყველას პრეზიდენტია, მაგრამ ლოგიკურიც არის, რომ თავის პარტიას უწევდეს აგიტაციას.“

შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი აქტიურად ჩნდებიან მმართველი პარტიის საარჩევნო კლიპებში.

თუმცა ისიც საკითხავია, თუ რამდენად კანონიერია სახელმწიფო პროგრამის - ანუ ბიუჯეტის ხარჯზე მიმდინარე პროგრამების - „ნაციონაულურ მოძრაობასთან“ გაიგივება. თათული თოდუას თქმით, იმის გამო, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობა ზედმეტად ლიბერალურია, ფორმალურად კანონი შეიძლება არ ირღვევა, მაგრამ ქმნის კანონის დარღვევისათვის ნოყიერ ნიადაგს.

„სამომავლოდ შეიძლება შეიქმნას ძალიან უხერხული ვითარება - მაგალითად, მაშინ, როცა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯება თანხები სახელმწიფო პროგრამის („მეტი სარგებელი ხალხს“) რეკლამირებისათვის, რადგანაც ის მჭდროდ არის გადაჯაჭვული მმართველ პარტიასთან, მის საარჩევნო კამპანიასთან (ყველა სააგიტაციო მასალაზეა შესაბამისი ფრაზები ასახული) და ამის გამო შეიძლება ადგილი ჰქონდეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას“, უთხრა თათული თოდუამ რადიო თავისუფლებას.

თათული თოდუას თქმით, ადგილობრივი კანონმდებლობის გარდა, არსებობს საერთაშორისო ნორმები, მათ შორის, ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ერთმანეთისგან მკვეთრად გასამიჯნია სახელმწიფოსა და პარტიის საქამიანობა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG