Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

მოსავალი, რომელიც სტიქიას გადაურჩა, გვალვისგან იღუპება


გვალვისგან მცენარეები ხმება
გვალვისგან მცენარეები ხმება
გამანადგურებელი სტიქიის შემდეგ კახეთის რეგიონში ახალი პრობლემა გაჩნდა - გვალვის გამო ის მოსავალი ნადგურდება, რომელიც სტიქიას გადაურჩა. თითქმის ერთი თვეა, ნალექი არ მოსულა. იმის გამო, რომ რეგიონის უმეტეს ნაწილში სარწყავი არხებისა და სარწყავი წყლის ნაკლებობაა, მოსახლეობა ხშირად ერთმანეთს უპირისპირდება. მოსავლის მორწყვა მოსახლეობას ძირითად საკარმიდამო ნაკვეთებში უჭირს.ამ პრობლემაზე საუბრობენ თელავსა და ლაგოდეხში.

გელა გელაშვილი, სოფელი მაწიმი: "სულ წყალზე, მორწყვაზე გვაქვს ჩხუბი და დავა. ყველა იძახის, წყალი მე გამოვუშვი და მე მეკუთვნისო."

გოგი შოშიაშვილი, სოფელი აკურა: "ჩვენს სოფელს სარწყავი არხი არ აქვს. კომუნისტების დროს იყო, მაგრამ სულ დაიშალა. ეს ქვეყანა რომ დაინგრა, სარწყავი არხიც დაიშალა."

ვალიკო გუგუტიშვილი, სოფელი ვანთა: "სარწყავი არხი კი არის, მაგრამ ვერ იყენებს მოსახლეობა. მას პატრონობა უნდა. წყალი რომ იქნება, გზას მისცემენ და მორწყავს გლეხი სავარგულებს, ხალხი წელში გაიმართება. ახლა წყალიც არ არის."

ლუარა მაძღარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში ცხოვრობს და მათი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი ვარდის ნარგავებიდან მიღებული თანხაა. იმის გამო, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში უნალექო ამინდი იყო, ნარგავების დიდი ნაწილი გახმა. მაძღარაშვილებს უწყლობის გამო სხვა მოსავალიც გაუნადგურდათ.
მაშინ როდესაც წყალს მიაქვს ლაგოდეხი, ქალაქში ხეები ხმება. რა დღეშია პალმები, ხედავთ? დღეისთვის ეს ნარგავები უკვე ნახევრად გამხმარია ...
ლალი ევტუშენკო

ლუარა მაძღარაშვილი: "მხოლოდ წელს იყო ასეთი სიტუაცია, რომ ვარდი გახმა ძირიანად. იმას ვფიქრობ, რომ გაზაფხულისთვის მაინც გადარჩეს, მომავალი წლისთვის მაინც იყოს და პურის ფული, სახარჯო ფული გვქონდეს ოჯახში. უწყლობით გადაგვეწვა სიმინდი, პომიდორი, ვარდი... ხეხილი მთლიანად გადახმა. ხან შლანგით, ხან ვედრებით ვრწყავთ ხოლმე და ასე ვწვალობთ."

როგორც რეპორტაჟის მომზადების დროს გავარკვიეთ, მორწყვის პრობლემები არამარტო სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების კუთხითაა. იმის გამო, რომ სარწყავი სისტემა არ არსებობს, ლაგოდეხის ცენტრალურ მოედანზე ათწლოვანი პალმები ხმება.

ლალი ევტუშენკო: "მაშინ როდესაც წყალს მიაქვს ლაგოდეხი, ქალაქში ხეები ხმება. რა დღეშია პალმები, ხედავთ? დღეისთვის ეს ნარგავები უკვე ნახევრად გამხმარია! და კიდევ კედრები, რომლებიც ხალხმა გადაარჩინა, ახლა ისიც ხმება. ხეები თითქოს ყვირიან, დაგვალევინეთ წყალიო!"

დამშრალი სარწყავი არხი
დამშრალი სარწყავი არხი
კახეთში სასოფლო-სამეურნეო და საკარმიდამო ნაკვეთების წყლით მომარაგებაზე პასუხისმგებელი გაერთიანებული მელიორაციის სამსახურია. დაწესებულების უფროსის მოადგილე ალექსანდრე იმერლიშვილი ამბობს, რომ ისინი რეგიონის ყველა დასახლებას ემსახურებიან, თუმცა ლაგოდეხსა და დედოფლისწყაროში ამ კუთხით სამუშაოები ახლა მიმდინარეობს.

ალექსანდრე იმერლიშვილი: "ლაგოდეხში დაგეგმილია 9-10 პროექტი. მთიდან ჩამომავალ მდინარეებზე უნდა მოვაწყოთ სარწყავი არხები. პროექტის ფარგლებში განხორციელდება სათავეების გაწმენდითი და არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც. პროექტები უკვე მზად არის და ელოდება ტენდერზე გასვლას. ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ რაიონში კი, დედოფლისწყაროში, უკვე დიდი ხანია დაწყებულია სამუშაოები. ამ ეტაპისთვის მათ წყალი სჭირდებათ. ამიტომ ჩვენ გავუშვით და 2 დღეში დედოფლისწყაროს მოსახლეობა მიიღებს წყალს."

იმ შემთხვევაში, თუ მოსავალი მთლიანად განადგურდა, მოსახლეობა ამბობს, რომ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, რადგან ვერ შეძლებენ ბანკიდან აღებული ვალის გასტუმრებას და ზამთარში ოჯახების გამოკვებას.
  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG