Accessibility links

სოხუმის მკვიდრს, ირმა შედანიას, დღეს დაბადების დღე აქვს. დღესაც, ჩვეულებრივ, მეგობრები შეიკრიბებიან და გაიხსენებენ, თუ როგორ დაიწყო 20 წლის წინ საომარი მოქმედებები მის ქალაქში. მაშინ ირმა 21 წლის გახდა და მეგობრებისთვის სადღესასწაულო ნამცხვარს ამზადებდა. მისი გეგმები მოულოდნელად გამოჩენილმა სამხედროებმა შეცვალეს.

„სროლა რომ დაიწყო, ჩვენ ვიფიქრეთ, სამი დღით ადრე ბიჭებმა იჩხუბეს და იმ ამბის გარჩევა გააგრძელესო. ხალხი შემოცვივდა ეზოში. გარეთ რომ გავიხედეთ, ტანკის ლულა დავინახეთ. მივხვდით, რომ რაღაც დაიწყო. მამაჩემმა თქვა, დავიღუპეთ, ომი დაიწყოო.“

ირმა იხსენებს, თუ როგორ ცდილობდა მოსახლეობა 15 აგვისტოს, დილიდანვე, ქალაქის დატოვებას. ხალხი პანიკაში იყო. გემი, რომელიც სოხუმს ტოვემდა, მგზავრებს ვერ იტევდა. გაიცა ბრძანება, რომ გემში მხოლოდ ქალები და ბავშვები ასულიყვნენ. ირმას მამამ გემზე ასვლა ნათესავის, სამხედრო პირის დახმარებით შეძლო. სოხუმიდან იძულებით წასული ოჯახი ჯერ ფოთში, შემდეგ კი ზუგდიდში, ნათესავებთან ჩავიდა.

ერთ წელიწადში მოქალაქეების ნაწილი სოხუმს დაუბრუნდა, მათ შორის - ირმა და მისი დაც.

ირმა შედანია

ირმა შედანია

„ბრძანება იყო შევარდნაძის, რომ ვინც არ მივა სასწავლებლებში და სამსახურებში, ადგილს დაკარგავსო. კაცი გეუბნება, სამსახურს დაკარგავ, კაცი გეუბნება, სტუდენტის ბილეთს დაკარგავ, ეს არის მოთხოვნა. დავბრუნდით. დედაჩემმა წაგვიყვანა მატარებლით. წამოვიდა მეორე დღეს, ფქვილი და რაღაც სხვა პროდუქტი რომ წამოეღო, რადგან იქ ვერ იშოვა. კუპონები იყო და ძალიან ძვირი ღირდა ყველაფერი. მეორე დღეს უნდა მობრუნებულიყო, თუმცა გზა ჩაიკეტა.“

ირმა ამბობს, რომ სწორედ სოხუმში დაბრუნებისთანავე გაიგო, რას ნიშნავს ომი. მის თვალწინ ახლობლები იღუპებოდნენ, რომლებსაც იქვე, ეზოში, მეზობლები ასაფლავებდნენ.

„მეზობელი, 14 წლის ბავშვი, რომელიც ჩემს თვალწინ გაიზარადა, იმის გამო, რომ ინფორმაცია არ ჰქონდა, როგორ მოქცეულიყო, არ იცოდა, რომ უნდა დაწოლილიყო იატაკზე. ბავშვი გაოგნდა და მოულოდნელად ნამსხვრევი მოხვდა თავში და გადაუჭრა თავი. ის ეზოშია დამარხული. მეზობელმა, ამირანმა დაასაფლავა. ასევე უახლოესი ადამიანი, მამაჩემის თანამშრომელი, მეცნიერი ტურჩინსკაია, რომელსაც დღესაც დიდი სიყვარულით ვიხსენებ, ისიც ამირანმა დამარხა. უახლოესი მეზობელი, რომელიც ხელში დაიჭრა, ამირანმა შეუხვია ხელი და დღესაც არ ვიცი, ცოცხალია თუ არა, რადგან ჩვენ წამოვედით იქიდან.“
თამაზიკო, თუ რამეს ვნიშნავ შენთვის, ძმურად, პირველი მე მომკალი, რომ დანარჩენი არაფერი არ ვნახო-მეთქი ...

სოხუმში ყოფნისას ირმამ სიკვდილის შიში დაძლია. ის რამდენჯერმე სრულიად შემთხვევით გადაურჩა ბრმა ტყვიას. დღეს თვითონაც უჭირს იმის დაჯერება, რომ ერთხელ თავად ევედრებოდა მეზობელს, ჩეჩენი ეროვნების სამხედროების მოსვლამდე მოეკლა.

„მეზობელი თამაზი ჩემზე ერთი წლით უმცროსია. და-ძმასავით ვართ. ტელეფონზე ლაპარაკობს და ყვირის, რა გავაკეთოო. მან რუსულად იცოდა ლაპარაკი და რუსულად ამბობდა, რა გავაკეთო, რა გაუკეთო ამ ხალხსო... დედამისი, თავისი და ჩვენ, სამი გოგო ვიყავით. მამამისი სამინისტროში იყო. შემოდის თამაზი, მათ სახლში სასმელების კოლექცია ჰქონდათ და მეჩურჩულება, ირმა, ახლა ყველა დაათვრეო, სათითაოდ უნდა მოგკლათო, ჩეჩნები არიან შემოსული და ვერ დაგტოვებთო. წავიდა დანის გასამზადებლად. შეგნებულად სვამ, ასმევ დას, ასმევ მეზობლებს, თან ვეუბნები, თამაზიკო, თუ რამეს ვნიშნავ შენთვის, ძმურად, პირველი მე მომკალი, რომ დანარჩენი არაფერი არ ვნახო-მეთქი. ეს საუბარია და მამამისი მოვიდა ზაპოროჟეცით და ეს შვიდი კაცი ჩავსხედით ამ მანქანაში. სამინისტროს ბუნკერში წავედით.“

მიუხედავად სოხუმში განცდილი მძიმე დღეებისა, ირმას იქ დაბრუნების სურვილი და იმედი არ დაუკარგავს. ამბობს, რომ ზუგდიდში, სადაც 20 წელია ცხოვრობს, ბევრი მეგობარი და ახლობელი შეიძინა, მაგრამ მაინც საკუთარი სახლი და ქალაქი ურჩევნია.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG