Accessibility links

logo-print

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 14 აგვისტო

  • ნიკო ნერგაძე

რუსეთის პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კრიტიკულ განცხადებას სამხრეთ ოსეთში ვიზიტთან დაკავშირებით საკუთარ „ფეისბუკის“ გვერდზე გამოეხმაურაო, წერს რუსული გამოცემა ”იზვესტია”.

” და რა შუაშია აქ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო? რუსეთის პრემიერი სუვერენულ სახელმწიფოს - სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას - ეწვია, შეხვდა მის ხელმძღვანელებს, განიხილა ერთობლივი პროექტები. დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთი თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების რეალობაა. ეს ქვეყანა რუკაზე ოთხი წლის წინ გაჩნდა, დიდწილად საქართველოს ხელისუფლების დანაშაულებრივი პოლიტიკის გამო, და ამ მოღვაწეებს ახლა არაფერი აქვთ ამ ცხოვრებაში ჩვენთვის სასწავლებელი”, - დაწერა პრემიერმა საკუთარ „ფეისბუკის“ გვერდზეო, იტყობინება ”იზვესტია” და მკითხველს იქვე შეახსენებს, რომ მედვედევის ცხინვალში ვიზიტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა განცხადებით, მედვედევს ცხინვალში ჩასვლის უფლება არ ჰქონდაო.

”კომერსანტი” კი წერს, რომ სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა, ლიბერალურ- დემოკრატიული პარტიის წევრმა ვასილი ჟურკომ ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს და გენერალურ პროკურატურას მიმართა თხოვნით, ჩაატარონ გამოძიება 2008 წლის საქართველო-ოსეთის კონფლიქტისას რუსეთის თანამდებობის პირთა მოქმედებების შესახებ. როგორც ჟურკო ამბობს, პირადად არავის ადანაშაულებს, სხვა პარტიები კი ქმედებას არცთუ გონივრულ პიარად აფასებენ.

”ჩემი აზრით, - ნათქვამია ჟურკოს მიმართვაში, - რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირთა დაგვიანებულმა რეაქციამ და არმიის მოუმზადებლობამ მიგვიყვანა მრავალრიცხოვან მსხვერპლამდე სამხედროებს შორის და მშვიდობიან მოსახლეობაში.”

როგორც დეპუტატი განმარტავს, წერს ”კომერსანტი” , ის ოთხი წლის წინანდელი მოვლენებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ნახა ფილმი, სახელწოდებით ”დაკარგული დღე”.

”კომერსანტი” მკითხველს შეახსენებს, რომ ფილმი ”დაკარგული დღე” 2008 წლის აგვისტოს ომის მორიგ წლისთავზე ინტერნეტში გამოჩნდა. „ფილმში გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი იური ბალუევსკი ირწმუნება, რომ გადაწყვეტილება ”საქართველოს იძულებისა მშვიდობისკენ” დაგვიანებით იქნა მიღებული”.

დეპუტატი ჟურკო მიიჩნევს, რომ უმაღლესი თანამდებობის პირთა დროული რეაგირება შეიარაღებულ კონფლიქტს გაანეიტრალებდა. გამომდინარე აქედან, მისი სიტყვებით, გამოძიების შედეგები მისთვის საინტერესო იქნება. სახელმწიფო სათათბიროს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლეონიდ კალაშნიკოვმა ჟურკოს ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა, ფრაქცია ”სამართლიანი რუსეთის” თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ემელიანოვი კი ამ ნაბიჯს ”არცთუ ჭკვიანურ პიარად აფასებს”, ნათქვამია „კომერსანტის“ სტატიაში.

”ვედომოსტი” სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ფრანკ კლინცევიჩის ინიციატივაზე წერს. დეპუტატი დისკუსიის განახლებას ითხოვს სასჯელის უმაღლესი ზომის - სიკვდილით დასჯის -თაობაზე არსებული მორატორიუმის შესახებ.

დეპუტატი ითხოვს დაბრუნდეს სასჯელის უმაღლესი ზომა სამხედრო დამნაშავეებისთვის. კლინცევიჩის სიაში, წერს „ვედომისტი”, შემდეგ მოდიან პედოფილები და მსხვილი კორუფციონერები. სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატს მიაჩნია, რომ რუსეთმა დასავლეთს არ უნდა უყუროს და მკაცრად უნდა დასაჯოს ისინი, ”ვინც ქვეყნის ინტერესს ღალატობს”.

”ვედომისტი” წერს, სახელმწიფო ბიუჯეტის ქურდების სიკვდილით დასჯის ინიციატივით 1996 წელს კომუნისტებიც გამოდიოდნენ, მაგრამ მაშინ ინიციატივას ვეტო პრეზიდენტმა ბორის ელცინმა დაადოო. „რუსეთში მორატორიუმი სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებთ მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ქვეყანა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის ნომერ მე-6 პროტოკოლს მიუერთდა. მიუხედავად რუსეთის მიერ დოკუმენტზე ხელმოწერისა, სახელმწიფო სათათბიროს მისი რატიფიცირება ჯერ არ მოუხდენია. რუსეთი ერთადერთია ამ თვალაზრისით ევროსაბჭოს ქვეყნებს შორის“, ნათქვამია ”ვედომოსტის” სტატიაში.
XS
SM
MD
LG