Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 14 აგვისტო

  • ნიკო ნერგაძე

მიმოხილვას ”რეზონანსით” დავიწყებთ, რომელიც დღეს ბანკების მიერ მევალეებისათვის ჩამორთმეულ ქონებაზე წერს. გაზეთის ცნობით, 6 თვეში ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონება 125 მილიონ ლარს აღემატება, თუმცა ეს ზუსტი მონაცემები არ არის, რადგან მხოლოდ ეროვნული ბანკის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ სტატისტიკას ეყრდნობა, კომერციული ბანკების დიდ ნაწილს კი მონაცემები გასაჯაროებული არა აქვსო. ”რეზონანსი” გაესაუბრა ექსპერტს საბანკო საფინანსო საკითხებში ლია ელიავას, რომელმაც თქვა, კანონით, ეროვნულ ბანკს კომერციულ ბანკებზე ყველანაირი მონაცემი აქვს, თუმცა საკითხავია, რა დოზით აწოდებს ის საზოგადოებას ამ ინფორმაციასო.

ისე კი, ქართული პრესის უდიდესი ნაწილი დღეს წინასაარჩევნო ამბებს ეძღვნება. იგივე ”რეზონანსი” უცხოელ დამკვირვებლებზე აქვეყნებს სტატიას და წერს, არჩევნებზე დააგვიანდათო. "არჩევნებამდე თვე-ნახევრით ადრე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები საქართველოში ჯერ კიდევ არ ჩანან. ოპოზიციისა და პოლიტოლოგების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს მისიები არჩევნების ლეგიტიმურად გამართვისთვის აუცილებელია და მათი ჩამოსვლა უკვე დაგვიანებულიც კი არის“, - წერს გაზეთი და განაგრძობს: ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, გრძელვადიანი მისიები ქვეყანაში არჩევნებამდე ერთი თვით ადრე უნდა ჩამოვიდნენო. ”რეზონანსს“ თინა ხიდაშელმა უთხრა, ”მთავარი პრობლემა ის იყო, რომ არჩევნების თარიღი არ იცოდნენო".

”ალია” დღესაც არჩევს ნინო ბურჯანაძისა და ”ქართული ოცნების” ურთიერთობას. გაზეთი ლუკა კურტანიძეს გაესაუბრა, რომელიც მაჟორიტარობის კანდიდატია ”ქართული ოცნებიდან”. ის ამბობს, მე ვურჩიე ქალბატონ ნინოს, რომ ცოტა ხანს განზე გამდგარიყო და დიდი მადლობა მას, სწორად მოიქცაო. იყო ისეთი ლაპარაკი, რომლის შესახებაც დროთა განმავლობაში გახდება ცნობილი, დღეს მეტის თქმა არ შემიძლიაო, თუმცა ამატებს, ეს ნაბიჯი მას აუცილებლად დაუფასდება, ამის გარანტიას ვიძლევით ჩვენც და ბატონი ბიძინაცო. ინტერვიუს ”ალიაში” წაიკითხავთ.

”ახალი თაობა” კი აქვეყნებს სტატიას, სათაურით ”როგორ ახდენს ხელისუფლება ამომრჩევლის მოსყიდვას”. გაზეთი წერს: ”სააკაშვილის ხელისუფლება წინასაარჩევნოდ გამეცადინებულა და ათასგვარ ”დახმარებას” არიგებს, ათასგვარი ხერხითა და პროგრამებით ფარულად ცდილობს ამომრჩევლის მოსყიდვას, თუმცა სხვის თვალში ბეწვს ხედავს, საკუთარ თვალში კი დირესაც ვერ ხედავსო”.
XS
SM
MD
LG