Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძის მიმართ აღსრულების პროცედურა დაიწყო


"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, კახა კალაძის მიმართ იძულებითი აღსრულების პროცედურა დაიწყო - ამის შესახებ სააგენტო ინტერპრესნიუსს აცნობა ადვოკატმა შალვა თადუმაძემ. მისი თქმით, შესაბამისი შეტყობინება აღსრულების ეროვნული ბიუროდან მიიღო. თადუმაძე ბიუროს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს, რადგან ადვოკატის განმარტებით, სასამართლოს 10 აგვისტოს გადაწყვეტილების შესაბამისად კალაძის მიერ ჯარიმის ნებაყოფლობით გადახდის 7-დღიანი ვადა ჯერ არ ამოწურულა. შალვა თადუმაძის ცნობით, კახა კალაძისთვის დაკისრებულ თითქმის 17-მილიონიან ჯარიმას სააღსრულებო საფასურის სახით დაემატა კიდევ 1 186 147 ლარი. ადვოკატის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ჯარიმის გამო აღსრულების ეროვნული ბიუროდან მსგავსი შეტყობინება ჯერჯერობით არ მიუღიათ. კახა კალაძე თითქმის 17 მილიონი ლარით, ბიძინა ივანიშვილი კი 20 მილიონით დააჯარიმა სასამართლომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოქმების საფუძველზე მას შემდეგ, რაც ამ სამსახურმა მიიჩნია, რომ პირადი საბანკო ანგარიშებიდან გატანილი თანხები ივანიშვილმა და კალაძემ კოალიცია ”ქართული ოცნებისთვის” გამოიყენეს.
XS
SM
MD
LG