Accessibility links

”რაბათი - ტოლერანტობის სიმბოლო” - ასეთი სათაურის სტატიას, რომელიც ხუთშაბათს ახალციხეში მიმდინარე მოვლენებს ეძღვნება, 17 აგვისტოს გაზეთი ”24 საათი” ბეჭდავს. გაზეთი წერს, რომ ”ძველი ციხესიმაგრე გუშინ საზეიმოდ და თავმომწონედ გაიხსნა”. არქიტექტურული იერსახის გარდა, გაზეთი ”თავმოსაწონად” და მეტად მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ ფაქტორს, რომ ”ციხის შიგნით არსებული მეჩეთი, სინაგოგა და მართლმადიდებლურ-გრიგორიანული ეკლესიების არსებობა” წარმოაჩენს ”ქალაქის ტოლერანტულ წარსულს.”

”თავად წარსულში ტოლერანტული არაფერია, სხვადასხვა რელიგიური სალოცავების ერთ პატარა ტერიტორიაზე არსებობა უფრო ამ კუთხის ძნელბედობასა და ტრაგიკულ ბედზე მეტყველებს, მაგრამ ტოლერანტობა, რაც ჩვენს წინაპრებს მუდამ სისხლში ჰქონდათ, იმაშია, რომ ახალციხელებს ეს რელიგიური სიწმინდეები არ დაუნგრევიათ და არ გაუთელავთ; შეძლეს, პატივი ეცათ განსხვავებული აღმსარებლობისათვის”, - წერს ”24 საათი”.

მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ გალის რაიონში ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვის პროცესი მიმდინარეობს - ამას უკვე 17 აგვისტოს ”რეზონანსი” იტყობინება. გაზეთის წყაროს ინფორმაციით, უცნობ პირებს პოლიტიკური პარტიების რეიტინგის დადგენა აინტერესებთ, თუმცა ისინი განწყობების შესაბამის პასუხებს ვერ ღებულობენ. ”თითქმის ყოველდღე დადიან და ატარებენ გამოკითხვას, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას მივცემთ ხმას არჩევნებზე. ვინ არიან, რომელ პოლიტიკურ პარტიას ეკუთვნიან, არ ვიცი. მაგრამ ერთი კი ვიცი, რომ აქ ხალხი ძალიან შეშინებულია და ღიად თავის პოზიციას არ აფიქსირებს”, - ეუბნება გაზეთ ”რეზონანსს” გალში მცხოვრები ერთ-ერთი ინკოგნიტო რესპონდენტი. კიდევ ერთი რესპონდენტის თქმით, ადგილობრივებს სურთ, რომ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ, თუმცა ეეჭვებათ, რომ, გადაადგილების შეზღუდვის გამო, ისინი ამას მოახერხებენ. ”რუსების გვერდით ადრე აფხაზი მილიციელებიც იდგნენ. ახლა კი რუსი ოკუპანტები სრულიად მარტონი არიან და მთელი სისასტიკით იცავენ ოკუპირებული ტერიტორიის საზღვარს”, - ვკითხულობთ ”რეზონანსის” სტატიაში, სადაც ასევე მითითებულია, რომ გალის რაიონში ”აქტიურად დაიწყო აფხაზური პასპორტების დარიგებაც.”

ამავე გაზეთის პირველ გვერდზე დაბეჭდილი სტატიის სათაური გვატყობინებს, რომ ”ქართველები უხარისხო და ვადაგასული სურსათით ვიკვებებით”, ხოლო როგორც ტექსტის ერთ-ერთ ფრაგმენტში აღნიშნავს სასურსათო სფეროს ექსპერტი ეთერ სარჯველაძე, ნებისმიერი პროდუქტის ხარისხზე თანაბრად არიან პასუხისმგებელი მეწარმე და რეალიზატორი. ხოლო რაც შეეხება მაკონტროლებლის ფუნქციას, ექსპერტის აზრით, ეს ფუნქცია მომხმარებელმაც უნდა შეასრულოს, რადგანაც ამ მხრივ ქვეყანაში პრობლემები არსებობს.

გაზეთი ”ვერსია” ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარის, პარტია ”ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენლის მამუკა კაციტაძის მოსაზრებებს ბეჭდავს. კერძოდ, საუბარია ამომრჩეველთა სიების გადამოწმების პროცესზე, რაც 1 სექტემბრამდე გასტანს. კაციტაძე ”ამომრჩეველთა ლიგისა” და ”ქართული ოცნების” მიერ ჩატარებული ”კარდაკარის” შედეგებს ელოდება და აღნიშნავს, რომ უსამართლობაა ”ქართული ოცნების” მოთხოვნა, 189 ათასმა ”მიწერილმა”, ანუ რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილმა ადამიანმა, ხმის მიცემის უფლება დაკარგოს. კაციტაძის თქმით, ”თუ საქართველოს მოქალაქეები, ვინც ქონება დაკარგა, საარჩევნო ხმასაც დაკარგავენ”, ამ ფაქტს მისი, როგორც კომისიის თავმჯდომარის, შეურიგებელი პოზიცია მოჰყვება! ”
XS
SM
MD
LG