Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


„ასოშიეიტიდ პრესის“ კორესპონდენტმა მარია დანილოვამ გამოაქვეყნა სტატია, რომელიც დაიბეჭდა, სხვათა შორის, „ვაშინგტშონ პოსტში“, „ჰაფინგტონ პოსტში“, ასევე „გარდიანსა“ და სხვაგან. მასში აღწერილია ჟურნალისტ ეკა დუგლაძის ამბავი. ჟურნალისტს, სადაც უნდა წავიდეს, წაიკითხავთ ამ წერილში, თან სდევს ვიდეოკამერით აღჭურვილ პირთა ჯგუფი. ისინი ამბობენ, რომ არიან ჟურნალისტები, დუგლაძეს სახესთან მიკროფონს უტრიალებენ, უაზრო შეკითხვებს უსვამენ და ვულგარული შენიშვნებით მის გამოწვევას ცდილობენ. დუგლაძე, რომელიც ოპოზიციის მიერ დაფინანსებულ საინფორმაციო სააგენტოში მუშაობს, ამტკიცებს, რომ ისინი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დამქაშები არიან და მათი მიზანი მისი დევნაა, იტყობინება სტატიის ავტორი. არა მხოლოდ მუშაობაში მიშლიან ხელს, გადაადგილებასაც მიზღუდავენო, მოჰყავს მას დუგლაძის ნათქვამი. სტატიაში საქართველოს წინასაარჩევნო ვითარებაა აღწერილი. მკითხველი ეცნობა მთავრობის პოზიციას, მის წარმატებას და ოპოზიციის მიზნებსა და პრეტენზიებს. „იმის გამო, რომ აღარაფერს ერიდება, რათა გზა გადაუღობოს ლეგიტიმურ პოლიტიკურ მეტოქეს, სააკაშვილმა, გარკვეულად, დემოკრატის რეპუტაცია შელახა,“ ამბობს გემა ფირსტი, ევრაზიის ჯგუფის კავკასიის საკითხთა ექსპერტი.

ნოდარ ჩაჩუა, ჟურნალისტი, რომელიც ივანიშვილის მიერ დაფინანსებულ ტელევიზიაში მუშაობს, უშიშროების სამსახურის თანამშრომლებს ადანაშაულებს იმაში, რომ მას თავისი კოლეგებისა და ივანიშვილის თვალთვალი მოსთხოვეს. ჩაჩუას ემუქრებოდნენ, რომ თუ უარს იტყოდა თანამშრომლობაზე, გაავრცელებდნენ ვიდეოჩანაწერს, სადაც ასახულია მისი სექსუალური კავშირი ყოფილ მეგობარ ქალთან. „ეს დემოკრატია არ არის, ეს საზოგადოებისადმი დამოკიდებულების ტიპიური საბჭოთა მეთოდია,“ ამობს, 26 წლის ჩაჩუა, რომელიც „მეცხრე არხზე“ მუშაობს. ამ არხის მფლობელი ივანიშვილის ცოლია. პროკურატურა მის საჩივარს იძიებს. ამ წერილის ავტორმა შეკითხვით მიმართა გიგა ბოკერიას, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანს. ბოკერია უარყოფს ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლება საფრთხის ქვეშაა.

უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაში ახლახან მიღებულ კანონზე ჰყვება და აცხადებს, რომ ამ კანონმა გაზარდა მთავრობის მიმართ კრიტიკული არხების ხელმისაწვდომობა. ბოკერია თავის აზრს გამოთქვამს ამ სტატიის დასაწყისში ნახსენები ჟურნალისტის, დუგლაძის შესახებაც. ის ამბობს, რომ კაცები, რომლებიც დუგლაძეს დასდევენ, „მეტოქე რეპორტიორები“ არიან და მათ ოპოზიციური მედიის აგრესიულ მეთოდს მიბაძეს“.

„იროპიან ვოისში“ დაიბეჭდა სტატია, სახელწოდებით „ვარდების რევოლუცია უფერულდება“. მისი ავტორია ევროპის პარლამენტის ლიბერალი დეპუტატი ჰანს ვან ბაალენი, რომელიც სტატიის შესავალშივე წერს, რომ საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად დემოკრატიას საქართველოში თითქოს სულ უფრო მეტი საფრთხე ემუქრება. ავტორი რევოლუციებზე წერს, მათგან იმედგაცრუებაზე და აცხადებს, რომ ვარდების რევოლუციამაც დაკარგა მომხიბლაობა. სააკაშვილის ათწლიანი მმართველობის შემდეგ ქვეყანა უფრო გახლეჩილია, დემოკრატია უფრო საფრთხეშია, ვიდრე ოდესმე ამ ქვეყნის პოსტსაბჭოთა ისტორიაში, წერს გამოცემა. სააკაშვილის პირადი ინსტინქტები კი თითქოს სულ უფრო ავტორიტარული ხდება, წერს ვან ბაალენი, რომელიც არჩევნებზე საუბრით განაგრძობს წერილს და საქართველოსა და ჰოლანდიის ვითარებებს ერთმანეთს ადარებს. სტატიის ავტორი ცალკეულ პირებზე ორიენტაციას ამჩნევს და აცხადებს, რომ სააკაშვილის დომინირებას პირველად დაემუქრა საფრთხე. სტატიის ავტორი წერს, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ ორი პარტია საერთაშორისო ლიბერალების წევრია, მაგრამ როგორც ყველა დემოკრატს, მასაც სჯერა, რომ დემოკრატია თავისთავად გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე პარტია ან მოძრაობა.ქართველებს სჭირდებათ სტაბილური, სამართლიანი და კონკურენტული პოლიტიკური გარემო, რომელშიც ისინი შეძლებენ თავიანთ მომავალთან დაკავშირებით თავისუფალი არჩევანი გააკეთონ, თვლის ვან ბაალენი და ამატებს, თუმცა ეს, როგორც ჩანს, ნაკლებსავარაუდოაო. საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის სიმწვავეს სულ უფრო ხმამაღლა აკრიტიკებენ წამყვანი უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციებიო, წერს ის და, ბოლოს, წერილს ასე ამთავრებს: პოლიტიკა საქართველოში და მით უფრო დებატები, რომელიც ევროპაში საქართველოს პოლიტიკასა და პოლიტიკოსებზე გვაქვს, უნდა გასცდეს პირად მტრობას და ერთმანეთისთვის სახელის გატეხას და წარიმართოს მომავალზე ორიენტირებული უფრო სერიოზული დისკურსისკენ. საქართველო ბევრი საშინაო და საგარეო გამოწვევების წინაშე დგას, მაგრამ ქართველებს არა აქვთ უფლება საფრთხე შეუქმნან დემოკრატიას, ასრულებს თავის წერილს ჰანს ვან ბალენი, ევროპარლამენტის ლიბერალი ჰოლანდიელი წევრი.
„დეილი ბიესტი“ აქვეყნებს წერილს, სათაურით „ხვანჭკარა არ გამოგრჩეთ!“, რომელიც ქართულ ღვინოს და მის წარსულს, ასევე რუსეთის ემბარგოს, საქართველოს მეღვინეების გასაჭირს ეხება. ავტორი აღწერს ღვინის ზეიმის მსგავს ფესტივალს მცხეთაში და მკითხველს ესაუბრება იმაზე, თუ როგორ გაუჭირდა ქართულ ღვინოს რუსეთის ემბარგოს გამო. მას მოჰყავს სტატისტიკა: „2011 წელს ქვეყანამ ღვინის ექსპორტი სხვა 48 ქვეყანაში მოახდინა, რაც, 2007 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 30% -იან მატებას ნიშნავს. შარშან შემოდგომაზე მეღვინეებს დიდი მოსავალი ჰქონდათ, რამაც 2012 წელს ღვინის წარმოების მაჩვენებელი თითქმის გააორმაგა“. კარგი განწყობის აღსანიშნავად ფერმერებმა, წაიკითხავთ ამ წერილში, „მრვალხმიანი სიმღერები შეასრულეს, წარმოთქვეს ქართული ღვინის აღორძინებისადმი მიძღვნილი გრძელი, ემოციური სადღეგრძელოები. ბოლოს და ბოლოს, რამდენიმე წლის წინ ის ხომ სულ ახლოს იყო კატასტროფასთან“, წერს „დეილი ბიესტის“ სტატიის ავტორი, რომელიც ბოლოს ამბობს, დღესდეობით ქართველი მეღვინეები ემბარგოს გამო რუსეთს ემადლიერებიან კიდეც, რადგან ამან მათი შთაგონების გაძლიერება და მეთოდების გაუმჯობესება გამოიწვიაო. თუმცა ავტორს არც ის გამორჩენია, რომ უმრავლესობა მაინც იმეორებს, ბედნიერები ვიქნებოდით, რუსეთის ბაზარს რომ დავბრუნებოდით ხარისხიანი პროდუქციითო. მაგრამ, კერძო მეწარმეებისაგან განსხვავებით, ოფიციალურ პირებს რუსეთის ბაზარზე დაბრუნების სურვილი არ გააჩნიათ, თუკი იქ გადამჭრელი რეფორმები არ გატარდება. ,,რუსეთი უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდაო“, უთქვამს სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრს, ბაკურ კვეზერელს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG