Accessibility links

logo-print

"პუსი რაიოტის" წევრები არ აპირებენ შეწყალების თხოვნას


პანკ-ჯგუფ „პუსი რაიოტის" წევრები, რომლებსაც რუსეთში ორ-ორი წლით პატიმრობა მიუსაჯეს მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში ჩატარებული აქციისათვის, არ აპირებენ, შეწყალება სთხოვონ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. საინფორმაციო სააგენტო "ფრანს პრესს" მოჰყავს ადვოკატ ნიკოლაი პოლოზოვის სიტყვები „ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ თავიანთი შეწყალებითო“. პოლოზოვი აცხადებს ასევე, რომ "პუსი რაიოტის" ადვოკატები აპირებენ განაჩენის გასაჩივრებას რუსეთის უზენაეს და საკონსტიტუციო სასამართლოებში, ისევე როგორც სტრასბურგის სასამართლოში, მაგრამ საამისოდ ჯერ ელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილების ოფიციალურ ასლს. "პუსი რაიოტის" წევრებისთვის გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით, ორშაბათს განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმაც. „სასამართლოს მუშაობაში ჩარევა არ შეიძლება. პირადად შეიძლება დაეთანხმო, ან არ დაეთანხმო გამოტანილ განაჩენს, მაგრამ სასამართლოს მუშაობაში ჩარევა დაუშვებელია“, განაცხადა ლავროვმა ჰელსინკიში ვიზიტისას ჩატარებულ პრესკონფერენციაზე. „პუსი რაიოტის“ სამი წევრი (სამივე ახალგაზრდა ქალი) გაასამართლეს მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში თებერვალში ჩატარებული აქციისათვის. ეს იყო, პუსი რაიტოის წევრების განმარტებით, პანკ-ლოცვა „ღვთისმშობელო, განდევნე პუტინი“.
XS
SM
MD
LG