Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში შეშფოთება გამოხატეს ”ქართული ოცნების” საბანკო ანგარიშების დაბლოკვის გამო


საქართველოს საკითხებზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა გამოხატეს შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების მიერ ოპოზიციური კოალიცია ”ქართული ოცნების” საბანკო ანგარიშების დაბლოკვის შესახებ გავრცელებული ცნობების გამო, რაც ხელს უშლის კოალიციის მონაწილეობას წინასაარჩევნო კამპანიაში. დანიელი მიკაელ აასტრუპ იენსენის და ლატვიელი ბორის ცილევიჩსის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გადაჭარბებული და არაპროპორციული ჯარიმების დაკისრება ფაქტობრივად ძირს უთხრის ოპოზიციური პარტიის ნორმალურ პოლიტიკურ აქტივობას.” ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები აღნიშნავენ, რომ ეს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიკერძოებულობის შესახებ ბრალდებებისა და ინფორმაციის ფონზე ისეთი სანდო ორგანიზაციებისა როგორიცაა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ამ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილებათა სამართლიანობას. ”კამპანიის დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის არსი ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის თანაბარი პირობების შექმნაა და არა საარჩევნო რბოლიდან რომელიმე მათგანის განდევნა - ნათქვამია იენსენის და ცილევიჩსის განცხადებაში. მათივე შეფასებით, მომავალი არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება და უზრუნველყოს ყველა პარტიის, მათ შორის კოალიცია ”ქართული ოცნების” სრულფასოვანი მონაწილეობა საარჩევნო კამპანიაში. იენსენის და ცილევიჩსის ვიზიტი საქართველოში11-12 სექტემბერს შედგება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის ფარგლებში.
XS
SM
MD
LG