Accessibility links

logo-print

მთავრობა ”ქართულ ოცნებას” სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს


საქართველოს მთავრობა კოალიცია ”ქართულ ოცნებას” ადანაშაულებს საპარლამენტო არჩევნებამდე სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის მცდელობაში. ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებაში მთავრობა კატეგორიულად უარყოფს "ქართული ოცნების" ლობისტების მიერ გავრცელებულ ბრალდებას, რომ ხელისუფლებამ გაყინა კოალიციის, ან მასთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიების საბანკო ანგარიშები. კანონმდებლობისთვის გვერდის ავლით, "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კამპანიის დაფინანსებისთვის შექმნა უკანონო სქემები, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კი არაერთხელ წარმოადგინა მყარი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზე სასამართლომ კოალიცია დააჯარიმა - აცხადებს საქართველოს მთავრობა. მისი განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში, რომელზეც "ქართული ოცნების" ლობისტები საუბრობენ, აღსრულების ეროვნული ბიურო აღასრულებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 27 ივნისის გადაწყვეტილებას, კანონის დარღვევისთვის 2 მილიონ 850 ათას 717 ლარით კოალიციის წევრთა დაჯარიმების შესახებ. მთავრობის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საინკასო დავალების საფუძველზე ეროვნულმა ბიურომ ჯარიმის მხოლოდ მცირე ნაწილი, 122 ათასი ლარი ამოიღო, რაც ვერ შეაფერხებს "ქართული ოცნების" მიერ თავისუფალი და აქტიური საარჩევნო კამპანიის წარმოებას. საქართველოს მთავრობა მოუწოდებს პოლიტიკურ ძალებს, შეწყვიტონ ცილისწამების კამპანია და კონცენტრირება მოახდინონ არა არჩევნების შედეგების წინასწარ დისკრედიტაციაზე, არამედ საკუთარ საარჩევნო მიზნებზე.
XS
SM
MD
LG