Accessibility links

logo-print

შსს-მ გაავრცელა განცხადება ახმეტაში მომხდარი ინციდენტის შესახებ


საქართველოს შსს-მ გაავრცელა განცხადება 22 აგვისტოს ღამით ახმეტაში მომხდარი ინციდენტის შესახებ. სამინისტროს ინფორმაციით, ახმეტის პოლიციის რაიონულ სამმართველოს ადგილობრივი საავადმყოფოდან შეატყობინეს ბაჩანა ბულისკერიას და ვასილ დაბრუნდაშვილის ფიზიკური დაზიანების შესახებ. სამინისტროს ცნობითვე, პოლიციას საჩივრით მიმართეს ახმეტის რაიონში მცოვრებმა ზაურ ყაჩმაზაშვილმა და ოსიკო ჭიჭიაშვილმა, რომელთა განცხადებით, სტუდია GNS-ის ოპერატორი და ჟურნალისტი ბაჩანა ბულისკერია და ვასილ დაბრუნდაშვილი მათ საკუთრებაში უნებართვოდ შეიჭრნენ და თხოვნის მიუხედავად ტერიტორია არ დატოვეს, რასაც ჩხუბი მოჰყვა. შსს აღნიშნავს, რომ სამედიცინო შემოწმების შემდეგ პოლიციას მიმართეს სტუდია GNS-ის გადამღები ჯგუფის წევრებმაც, რომელთა განცხადებით, ფიზიკური დაზიანებები ყაჩმაზაშვილმა და ჭიჭიაშვილმა მიაყენეს. სამინისტროს განცხადებით, დაპირისპირების ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომლის ახალი დეტალები საზოგადოებას დამატებითი ეცნობება. თავად სტუდია GNS-ის ჟურნალისტი ვასილ დაბრუნდაშვილი განმარტავს, რომ ახმეტაში იმყოფებოდნენ გადასაღებად საწარმოსი, სადაც არსებული ინფორმაციით, უკანონოდ მოჭრილი ხის მასალა ინახებოდა. რაც შეეხება ბრალდებას კერძო საკუთრებაში უკანონოდ შეჭრის შესახებ, სტუდიის ხელმძღვანელის ნანა ლეჟავას თქმით, აქვთ ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ ჟურნალისტები არავის კერძო საკუთრებაში არ შესულან. სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” ლეჟავამ განუცხადა, რომ გადაღება საწარმოს გარეთ ხდებოდა.
XS
SM
MD
LG