Accessibility links

logo-print

მერკელი და ოლანდი საბერძნეთს მოუწოდებენ რეფორმების გატარებისაკენ


გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის განცხადებით, ის საბერძნეთს მოუწოდებს, გაატაროს რეფორმები, რომლებსაც ათენი დათანხმდა, როგორც პირობას უცხოეთიდან მსხვილი ფინანსური დახმარების მისაღებად. მერკელმა დღეს ბერლინში, საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან მოლაპარაკების დაწყებამდე აღნიშნა, რომ საბერძნეთს მართებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ხოლო ოლანდის თქმით, ათენზეა დამოკიდებული, მიმართავს თუ არა ძალისხმევას ევროზონაში დასარჩენად. ევროზონაში ვალებით გამოწვეულ კრიზისზე მერკელის და ოლანდის მოლაპარაკება წინ უძღვის მათ შეხვედრებს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ანტონის სამარასთან. ისინი ცალ-ცალკე შეხვდებიან სამარასს პარასკევს და შაბათს. სამარასი ითხოვს ოთხ წელიწადს - ანუ, შეთანხმებულზე ორი წლით მეტს - მომჭირნეობის მკაცრი ზომების გასატარებლად, რაც საჭიროა საიმისოდ, რომ საბერძნეთს ეტაპობრივად მიაწოდონ დახმარება 240 მილიარდი ევროს მომცველი პაკეტიდან. კრედიტების გარეშე ათენი თავიდან ვერ აიცილებს დეფოლტისა და ევროზონის დატოვების საფრთხეს.
XS
SM
MD
LG