Accessibility links

logo-print

სირიის პრეზიდენტი: სირიის მოვლენები „მტრული შეთქმულების“ შედეგია


სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ-ასადმა განაცხადა, რომ მის ქვეყანაში ბოლო ხანს განვითარებული მოვლენები შედეგია „მტრული შეთქმულებისა“, რომელიც მოაწყვეს უცხოეთის სახელმწიფოებმა. მან რწმენა გამოთქვა, რომ შეთქმულება ვერ მიაღწევს თავის მიზანს, „რაც უნდა დაჯდეს ეს“. ირანის ეროვნული უშიშიროების და საგარეო პოლიტიკის კომისიის თავმჯდომარე ალაედინ ბურუჯერდისთან შეხვედრისას, დამასკში, ასადმა განაცხადა, რომ სირია რეგიონის ქვაკუთხედია და ამიტომ იქნა მიმართული შეთქმულება მის წინააღმდეგ. ირანელი სტუმარი შეხვდა ასევე სირიის ვიცე-პრეზიდენტს, რომელიც დიდხანს არ გამოჩენილა საჯაროდ, და საგარეო საქმეთა მინისტრ ვალიდ მუალენს. ოპოზიციასთან ხელისუფლების მოლაპარაკების პირობად მინისტრმა დაასახელა მეამბოხეთა მიერ შეირაღებული ბრძოლის შეწყვეტა და ოპოზიციონერების უარი გარედან ჩარევის მიმართ. სირიის უფლებადამცავების თანახმად, ბოლო ორ დღეში დამასკის მახლობლად მიაგნეს 320 გვამს. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ეს ქალაქ დარაიაზე მთავრობის ჯარის იერიშის დროს დახოცილები არიან. დარაიაში, ბოლო ერთ კვირაში, აქტივისტების თანახმად, 600- მდე ადამიანი დაიხოცა. ბრიტანეთმა გამოხატა ღრმა შეშფოთება სირიაში სამოქალაქო მოსახლეობის მასობრივი ხოცვის გამო.
XS
SM
MD
LG