Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ჯარები თავს იყრიან დაღესტნის ზოგ რეგიონში


დაღესტნის ზოგ ინტერნეტსაიტზე გავრცელებული ინფორმაციით, ბოლოხანს მიმდინარეობს რუსეთის ჯარების კონცენტრაცია დაღესტნის რაიონებში, რომლებიც ესაზღვრება საქართველოსა და აზერბაიჯანს. ინტერნეტპორტალ „კავკაზ ონლაინის“ ცნობით, ბოტლიხის რაიონიდან ადგილობრივი წყაროები იუწყებიან იქ დიდი რაიოდენობით ცოცხალი ძალისა და ტექნიკის თავმოყრის შესახებ. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ სამხედრო პირები აპირებენ ტყის მასივების ბლოკირებასა და მათზე საჰაერო დარტყმების განხორციელებას. ზოგი წყაროს ვარაუდით, მზადების მიზანია, ზამთრის დადგომამდე გაანადგურონ დაღესტნის მთებში მოჯაჰედების ბაზები. ხოლო ზოგი ვარაუდობს, რომ მიმდინარეობს მზადება საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციისათვის. ცნობილმა სამხედრო ექსპერტმა, პაველ ფელგენგაუერმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გამოთქვა ვარაუდი, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრება, თუ შეერთებული შტატები განახორციელებს სამხედრო ოპერაციას ირანის წინააღმდეგ. მოსკოვი ასეთ ნაბიჯს გადადგამს, რათა კავშირი დაამყაროს თავის ბაზასთან სომხეთში, რომელიც შესაძლოა, ბლოკირებული აღმოჩნდეს, რადგან რუსეთი მას ამჟამად ამარაგებს ირანის ტერიტორიის გავლით.
XS
SM
MD
LG