Accessibility links

logo-print

მმართველი პარტია შემომწირველებს უკან დაუბრუნებს 315 ათას ლარს


ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შემომწირველებს უკან დაუბრუნებს საარჩევნო ფონდში ჩარიცხულ 315 ათას ლარს, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კანონთან შეუსაბამო შემოწირულობად სცნო - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა მმართველი პარტიის სპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა. მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობა საკუთარ თავს ფინანსური გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტს უწესებს და თავის დროზე ამიტომაც დაუჭირა მხარი შესაბამის კანონმდებლობას. 27 აგვისტოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ნაციონალური მოძრაობისთვის თანხების უკანონოდ შეწირვის გამო, მილიონ 575 ათასი ლარის ჯარიმის გამოყენების თაობაზე მიმართა. პარტიათა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, საუბარია ხუთ პირზე, რომლებმაც მმართველ პარტიას ”სოლიდური თანხა შესწირეს, თუმცა მათი შემოსავლები შეუსაბამოა რაიმე სახის დანაზოგის შესაძლებლობასთან.” მონიტორინგის სამსახურის განცხადებითვე, ”ერთი პირის შემთხვევაში გამოიკვეთა მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების ნიშნები და საკითხის ამომწურავად შესწავლისა და შემდგომი რეაგირების მიზნით, საქმის მასალები საქართველოს მთავარ პროკურატურას გაეგზავნა.”
XS
SM
MD
LG