Accessibility links

logo-print

ინდოეთში ძალაში დატოვეს ტერაქტისთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი


ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ დღეს ძალაში დატოვა სასიკვდილო განაჩენი, რომელიც გამოუტანეს ბომბეიში 2008 წელს მოწყობილ თავდასხმებში მონაწილე პირს - მოჰამედ აჯმალ ამირ კასაბს. ის პაკისტანელია და თავდამსხმელების 10-კაციან ჯგუფში ერთადერთი, რომელიც თავდასხმის დღეს გადარჩა. ბომბეიში ძალადობამ 160-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. სასამართლოს გადაწყვეტილებას, ძალაში დატოვოს კასაბისათვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი, მიესალმა ინდოეთის მმართველი "კონგრესის პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი, დიგვიჯაი სინხი: „მსურს, პატივცემულ უზენაეს სასამართლოს მივულოცო კასაბისათვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენის ძალაში დატოვება. ჩემი აზრით, სამართალი რაც შეიძლება მალე უნდა აღსრულდეს და ეს არ უნდა დაყოვნდეს“. 2010 წელს მოჰამედ აჯმალ ამირ კასაბი დამნაშავედ სცნეს მკვლელობაში, ტერაქტებსა და ინდოეთში ომის წარმოებაში, რის საფუძველზეც მას სიკვდილი მიუსაჯეს. კასაბი ირწმუნება, რომ სასამართლო პროცესი უსამართლო იყო. მისი პირველი საჩივარი 2011 წელს უარყვეს, ახლა კი კასაბს შეუძლია, შეწყალების თხოვნით მიმართოს ინდოეთის პრეზიდენტს. ინდოეთი თავდასხმებზე პასუხისმგებლობას აკისრებს პაკისტანში დაფუძნებულ გასამხედროებულ ჯგუფს, "ლაშკარ-ე-ტაიბას".
XS
SM
MD
LG