Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უშიშროების საბჭოს მდივანი მძევლების შესახებ საუბრობს


საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა, გიგა ბოკერიამ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში ისაუბრა საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთის მახლობლად მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ და იმ პირებზეც ილაპარაკა, რომლებიც, შსს-ს ცნობით, დივერსანტებს მძევლად ჰყავდათ აყვანილი. "თავდაპირველად მოტაცებული იყვნენ ადგილობრივი მცხოვრებლები, ახალგაზრდები. ამის შემდეგ მესაზღვრეთა პატრული, რომელსაც ინფორმაცია ჰქონდა ამ მოტაცების შესახებ და რომელიც ადგილზე გადაადგილდებოდა, იქნა მძევლად აყვანილი ამ ახალგაზრდების ნაცვლად. მათ თვითონაც შეუწყვეს ხელი, როცა მოახდინეს ლოკალიზება ამ ჯგუფის, რომ ახალგაზრდების ნაცვლად თავად ყოფილიყვნენ მძევლები. ხოლო შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავისი ოფიცრები გააგზავნა ამ ჯგუფთან მოსალაპარაკებლად, რომლებმაც თავად დაიკავეს მძევლის ადგილი მესაზღვრეების ნაცვლად" - განაცხადა ბოკერიამ. მისი განცხადებით, სპეცოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც შეიარაღებული ჯგუფი არ დათანხმდა ქართველი სამართალდამცველების წინადადებას, დანებებოდნენ. ბოკერიას თქმით, ადგილზე რელიეფი საკმაოდ რთულია და ამიტომ ეს ოპერაცია არ არის მარტივი. ამასთან, უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით, საქართველოს სუვერენიტეტს და უსაფრთხოებას საფრთხე არ ემუქრება. ოფიციალური ცნობებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსეთიდან შემოსული შეიარაღებული ჯგუფის წინააღმდეგ ახორციელებს ოპერაციას. როგორც იუწყებიან, ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა სამი და დაიჭრა ხუთი სპეცრაზმელი, ლიკვიდირებულია შეიარაღებული დაჯგუფების 11 წევრი.
XS
SM
MD
LG