Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორის ნემცოვი პუტინის სიმდიდრეს მისი კორუმპირებულობით ხსნის


ბორის ნემცოვისა და ლეონიდ მარტინიუკის პრესკონფერენცია
ბორის ნემცოვისა და ლეონიდ მარტინიუკის პრესკონფერენცია
რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ბორის ნემცოვის მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიში ქვეყნის პრეზიდენტს ბრალს სდებს კორუმპირებულობასა და ისეთი ცხოვრების სტილში, როგორიც „სპარსეთის ყურის ქვეყნების მონარქებს ან ცნობილ ოლიგარქებს“ ახასიათებთ. ნემცოვის ანგარიშში მოტანილ პუტინის სიმდიდრესთან შედარებით, ბევრი დემოკრატიული ქვეყნის ლიდერის საშემოსავლო დეკლარაცია ერთობ მოკრძალებულად გამოიყურება.

„მონის ცხოვრება გალერებზე“ - ასეთი სარკასტული სახელი აქვს სკანდალურ ანგარიშს, რომლის ავტორები რუსეთის „სოლიდარობის“ მოძრაობის წევრები ბორის ნემცოვი და ლეონიდ მარტინიუკი არიან. რუსეთის პრეზიდენტი, რომელმაც თავისი ცხოვრება ერთხელ „გალერებზე მყოფი მონისას“ შეადარა, არნახულ ფუფუნებაში ცხოვრობს და ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. ანგარიშის თანახმად, პუტინის განკარგულებაშია 20 რეზიდენცია, ათობით თვითმფრინავი, უამრავი ავტომობილი და იახტა. ანგარიშის მონაცემები ნემცოვმა სამშაბათს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე გააცნო ჟურნალისტებს და პუტინის ხელში ასეთი სიმდიდრის თავმოყრას „დანაშაული“ და „ამორალურობა“ უწოდა:

„არ ვეთანხმები იმას, რომ ამოდენა სახელმწიფო ქონების მართვა და ფლობა ნორმალური იყოს ერთი ადამიანისათვის. მიმაჩნია, რომ ეს დანაშაულია და დაუშვებელია ღარიბი ქვეყნისათვის.“

უფრო ზუსტად, ვლადიმირ პუტინის განკარგულებაშია 43 თვითმფრინავი, 15 შვეულმფრენი, 5 იახტა და მდიდრული მანქანების მთელი პარკი. გარდა ამისა, პუტინი ფლობს მდიდრული საათების კოლექციას, 11 მათგანის საცალო ღირებულება კი დაახლოებით 687 ათას დოლარს უდრის, რაც რამდენჯერმე აღემატება ვლადიმირ პუტინის წლიურ შემოსავალს:

„22 მილიონი დოლარის ღირებულების საათების კოლექცია, რაც პუტინის 6 წლიურ შემოსავალს შეადგენს, მის პირად საკუთრებას წარმოადგენს. შეკითხვა, თუ როგორ მოახერხა ასეთი კოლექციის შეძენა კაცმა, რომელსაც დეკლარირებული აქვს 3 მილიონ 600 ათასი რუბლის შემოსავალი, - ეს შეკითხვა არ არის ამაო. ჩვენ ამ საკითხის თაობაზე გვაქვს გარკვეული მოსაზრება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის კორუფცია. ან მას აჩუქეს ეს საათები, 500 ათასი დოლარის ღირებულების, და არსად არ მოახდინა მათი დეკლარირება. მაშინ ეს ქრთამია. ანდა პუტინის შემოსავლები არ შეესაბამება იმას, რაც მას დეკლარირებული აქვს“, - აცხადებს ბორის ნემცოვი, ერთ-ერთი ავტორი ანგარიშისა „მონის ცხოვრება გალერებზე“, რომელიც 27აგვისტოდან 15 სექტემბრამდე გავრცელდება, ავტოგარბენისას - „ციმბირი-მოსკოვი“. მსგავსი ანგარიში პუტინის ქონებრივი დეკლარაციის შესახებ ბორის ნემცოვმა 2008, 2010 და 211 წლებშიც მოამზადა.

რაც შეეხება სხვა დემოკრატიული ქვეყნების ლიდერებს, აშშ-ის პრეზიდენტის წლიური შემოსავალი 400 ათასი დოლარია. ბარაკ ობამა სარგებლობს ორი საპრეზიდენტო რეზიდენციით, მის განკარგულებაშია ორი საფრენი აპარატი. ორი ვილა ემსახურება გერმანიის კანცლერს, რომლის წლიური შემოსავალი 200 ათას ევროს შეადგენს. ასევე, ორი საპრეზიდენტო ვილით სარგებლობს იტალიის პრეზიდენტი, რომლის ყოველწლიური გასამრჯელო 230 ათასი ევროა. რაც შეეხება საფრანგეთის პრეზიდენტს, წელს 70 ათასი ევროთი შემცირდა საფრანგეთის ლიდერის ხელფასი და ის შეადგენს მხოლოდ 162 ათას ევროს, მაშინ როცა ნიკოლა სარკოზის წლიური ხელფასი 231 972 ევროს შეადგენდა. საფრანგეთის პრეზიდენტის სამუშაო რეზიდენცია ელისეს სასახლეში მდებარეობს, შვებულებას საფრანგეთის პირველი პირი ატარებს შატო რამბუიეში, ოფიციალურ შეხვედრებს კი მართავს დომეინ ნაციონალ დე მარლიში. რაც შეეხება საფრენ აპარატს, საფრანგეთის პრეზიდენტის განკარგულებაშია „აირბუს „ა“ 330-20“, რომლის შეძენა და მოდიფიკაცია საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ 2009 წელს დაამტკიცა.

რაც შეეხება პატარა საქართველოს პრეზიდენტს, საჯარო სამსახურის ბიუროს 2011 წლის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა ხელფასის სახით მიიღო 56 664 ლარი. მიხეილ სააკაშვილის განკარგულებაშია საპრეზიდენტო სასახლე თბილისში, სამთავრობო რეზიდენციები ქუთაისსა და ზუგდიდში, ერთი თვითმფრინავი, ვერტმფრენი და რამდენიმე მანქანა. ოპონენტები მიხეილ სააკაშვილს ასევე აბრალებენ ლტოლვას მდიდრული საათებისადმი. დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა საქართველოს პრეზიდენტის საყიდლებზე ყოფნას მილანში, სადაც 14 მაისს პაპარაცებმა მიხეილ სააკაშვილი სწორედ მდიდრული საათების მაღაზიაში დააფიქსირეს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG