Accessibility links

შსს: სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულთა შორის საქართველოს ორი მოქალაქეა


დუისის სასაფლაო

დუისის სასაფლაო

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულ პირთა შორის ორი საქართველოს მოქალაქეა:

"საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს მოგაწოდოთ ახალი ინფორმაცია ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულ პირთა ვინაობის შესახებ. ცხედრების ექსპერტიზის, დათვალიერებისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შესაძლებელი გახდა 11 ლიკვიდირებული პირიდან 7 ცხედრის ვინაობის დაზუსტება. იდენტიფიცირებული შვიდი ცხედრიდან ორი არის საქართველოს მოქალაქე: ასლან მარგოშვილი, ბაჰაუდინ ქავთარაშვილი..."

როგორც "ინტერპრესნიუსს" დუისელებმა განუცხადეს, ასლან მარგოშვილი და ბაჰაუდინ ქავთარაშვილი პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში წუხელ ჩამოასვენეს და წუხელვე დაკრძალეს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ლოპოტის ხეობაში განხორციელებული სპეცოპერაციის შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიასთან ურთიერთობა არ დაიძაბება:

"არა მგონია, რომ აქ რაიმე განსაკუთრებულ პოლიტიკურ დაძაბულობას უნდა ველოდებოდთ. პირიქით, სავიზო რეჟიმის გამარტივების შემდეგ პოზიტიურ დინამიკას აქვს ადგილი ჩრდილოკავკასიელებთან ურთიერთობასთან მიმართებაში."

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ხათუნა ოჩიაურმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში კი განაცხადა, რომ დარწმუნებულია საზოგადოება გაგებით შეხვდება სპეცოპერაციის დროს საქართველოს ორი მოქალაქის ლიკვიდაციის ფაქტს და ფიქრობს, რომ პანკისის ხეობაში სიტუაცია არ გართულდება:

"ეს ფაქტი მათთვისაც ძალიან მძიმეა, რადგან აღმოჩნდა, რომ მათი მეზობლები ჩართულები იყვნენ დივერსიულ მოქმედებაში, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მათი განზრახვით, თუ განზრახვის გარეშე იყო მიმართული. იქ შეგნებული ხალხი ცხოვრობს და დარწმუნებული ვარ, ხეობაში არ დაიძაბება სიტუაცია"

შსს-ს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ "ხუთი ცხედარი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ჩრდილოეთ კავკასიიდან, აქედან ერთ-ერთი ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი არის დაბადებული გროზნოში 1986 წლის 10 თებერვალს და მას ნათესავები ჰყავს პანკისის ხეობაში.
დანარჩენი იდენტიფიცირებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან..."

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG