Accessibility links

logo-print

"ქართული ოცნებისთვის" თანხის შემწირველი 9 პირის ქონებაზე 3-4 სექტემბერს აუქციონი ტარდება


"ქართული ოცნებისთვის" თანხის შემწირველი 9 პირის ქონებაზე 3-4 სექტემბერს აუქციონი ტარდება - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ. მისი ინფორმაციით, ამ პირთა შორისაა ბანკ "ქართუ”-ს პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი. ფანჯიკიძის შეფასებით, ”ქართული ოცნებისთვის” თანხის შემწირველთა მიმართ გამოყენებული ზომები პოლიტიკური ნიშნით დევნის მაგალითია. კოალიცია უწყებათაშორისი კომისიისგან ითხოვს, რომ აუქციონი შეწყდეს და მოიძებნოს სამართლებრივი გზა, რომლის მეშვეობით 9 ადამიანი სახლ-კარის გარეშე არ დარჩება. "პირები, რომელთა ქონებას აუქციონზე ყიდიან, მუშაობენ საკმაოდ მაღალანაზღაურებად სამსახურებში, აქვთ საკმარისი ხელფასი და ჯარიმის გადახდა კანონმდებლობით უნდა მოხდეს ამ ხელფასიდან ნაწილობრივი დაფარვის სახით, თუმცა იმ მიზნით, რომ სახელმწიფოს მათი ქონების ხელში ჩაგდება სურს, ინიშნება აუქციონი, რომელიც შეგნებულად ჩაიშლება და ამ პირთა ქონება გადავა სახელმწიფოს საკუთრებაში", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. მისი თქმით, ცხრავე პირის ქონება, რომელსაც ყადაღა დაედო და აუქციონზე უნდა გაიყიდოს, ბევრად აღემატება ჯარიმის თანხას, რომელიც მათ სასამართლომ დააკისრა.
XS
SM
MD
LG