Accessibility links

logo-print

სერბია აცხადებს, რომ ემხრობა კოსოვოზე დიალოგსა და ევროკავშირში ინტეგრაციას


სერბიის ახალი პრემიერ-მინისტრი ივიცა დაჩიჩი აცხადებს, რომ მისი მთავრობა მხარს უჭერს კოსოვოს ხელმძღვანელობასთან დიალოგსა და ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ მიმართულ ძალისხმევას. ამ შინაარსის განცხადება დაჩიჩმა გააკეთა ბრიუსელში ევროკავშირის პრეზიდენტ ჰერმან ვან რუმპესთან მოლაპარაკების შემდეგ. ვან რუმპემ მას მოუწოდა, კონსტრუქციულად ჩაერთოს დიალოგში კოსოვოსთან - სერბიის რეგიონთან, რომელსაც მრავალი ქვეყანა აღიარებს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ვან რუმპეს თქმით, კოსოვოსთან ურთიერთობის გაუმჯობესება არის მთავარი მოთხოვნა ევროკავშირში გასაწევრიანებლად მომდევნო ნაბიჯის გადასადგმელად, ანუ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დასაწყებად. ევროკავშირმა მარტში მიანიჭა სერბიას გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი - მანამდე, სანამ სერბიაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად პრეზიდენტის პოსტს გამოეთხოვებოდა პროდასავლური პოლიტიკის მომხრე ბორის ტადიჩი. სერბიის ახალი მმართველი კოალიცია აერთიანებს პრეზიდენტ ტომისლავ ნიკოლიჩის ნაციონალისტურ „სერბიის პროგრესულ პარტიას“ და დაჩიჩის სოციალისტებს - ყოფილ პრეზიდენტ სლობოდან მილოშევიჩის პარტიის წევრებს.
XS
SM
MD
LG