Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილი: დევნილების აფხაზეთში დაბრუნებას ექვს მილიარდამდე დოლარი დასჭირდება


კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშილის აზრით, დევნილების აფხაზეთში დაბრუნების პროცესს დასჭირდება ოთხიდან ექვს მილიარდამდე დოლარი. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ივანიშვილმა ამის შესახებ განაცხადა დღეს, აფხაზეთიდან დევნილებთან შეხვედრისას, რომელიც კოალიციის ოფისში ჩაატარა. მან შეკრებილებს გააცნო დევნილებთან მიმართებით „ქართული ოცნების“ პროგრამა და პირობა მისცა, რომ, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, გააუმჯობესებს დევნილების ცხოვრების პირობებს. რაც შეეხება დევნილების დასაბრუნებლად საჭირო ფულს - ოთხიდან ექვს მილიარდამდე დოლარს - ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ამის შესაძლებლობა არსებობს როგორც ჩვენი პირადი ფინანსებით, ისე გარედან დახმარების გზით“. კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის განმარტებით, ასაშენებელი იქნება „ძალიან ბევრი სახლი“ - არანაკლებ 100 000 სახლისა. „ჩვენ ძალიან რეალურ პროექტს დავდვებთ. ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე უნდა მოხერხდეს დაბრუნება მათი, ვისაც სურვილი აქვს“, უთხრა დევნილებს ბიძინა ივანიშვილმა.
XS
SM
MD
LG