Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს


საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა დღეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს. მან ამერიკელ დიპლომატთან შეხვედრას გაცნობითი ხასიათის უწოდა და განაცხადა, რომ შეეცდებიან რწმუნებათა სიგელები საქართველოს პრეზიდენტს შემჭიდროებულ ვადაში გადაეცეს, რის შემდეგაც რიჩარდ ნორლანდი მოვალეობის სრულფასოვნად შესრულებას შეუდგება. აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში დღეს დილით ჩამოვიდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი პირველი ამოცანა იქნება მნიშვნელოვან ცვლილებებში უკეთ გარკვევა, პოლიტიკის, ბიზნესის და სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალურად ბევრ წარმომადგენელთან შეხვედრა და მოსმენა შეხედულებებისა იმის თაობაზე, თუ რა ხდება დინამიურად განვითარებად საზოგადოებაში. ელჩმა აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველომ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, თუმცა კვლავ აწყდება გამოწვევებს მიღწევათა კონსოლიდირების საქმეში. ”ჩემთვის, როგორც აშშ-ის ელჩისთვის, დიდი პატივი იქნება გავერკვე ამ პროცესებში უფრო ღრმად და შევიტანო ჩემი წვლილი დემოკრატიის, მშვიდობის და კეთილდღეობის ხელშესაწყობად საქართველოსა და მთლიანად კავკასიის რეგიონში” - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
XS
SM
MD
LG