Accessibility links

logo-print

რასმუსენი „შეშფოთებულია“ მკვლელი აზერბაიჯანელი ოფიცრის შეწყალებით


ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს, რომ „ძალიან არის შეშფოთებული“ აზერბაიჯანის მხრიდან იმ სამხედრო მოსამსახურის შეწყალებით, რომელსაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი სომეხი კოლეგის ნაჯახით მოკვლის გამო. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურისათვის მიცემულ ინტერვიუში, ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ უნგრეთში, ნატოს სასაწავლო კურსების დროს ჩადენილი მკვლელობა იყო საზარელი დანაშაული, რომელიც არ უნდა იყოს განდიდებული. ერევანში ვიზიტის დროს საუბრისას, რასმუსენმა დასძინა, რომ საკუთარ შეშფოთებას აუცილებლად გაუზიარებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, რომელსაც ნატოს გენერალური მდივანი 7 სექტემბერს შეხვდება. ურთიერთობა ბაქოსა და ერევანს შორის უკიდურესად გაუარესდა მას შემდეგ, რაც გასულ პარასკევს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ჯერ შეიწყალა, შემდეგ კი სამხედრო სამსახურში დააწინაურა რამილ საფაროვი, რომელმაც 8 წლის წინ ბუდაპეშტში ნაჯახით მოკლა სომეხი ოფიცერი გურგენ მარკარიანი.
XS
SM
MD
LG