Accessibility links

logo-print

სააკაშვილმა ზუგდიდში ირაკლი ალასანია მწვავედ გააკრიტიკა


ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე მყოფმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია გააკრიტიკა. სამი თვის წინ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა განაცხადა, რომ ხელისუფლება პროვოკაციების მოსაწყობად სამეგრელოში ყოფილი სამხედროებისაგან და კრიმინალებისაგან სპეციალურ ჯგუფს ქმნის. „ეტყობა ვიღაც-ვიღაცეებს ისევ ხელი ეფხანებათო“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ალასანიას ამ განცხადების პასუხად. „რატომ გამოყვეს მაინცდამიანც სამეგრელო? რატომ დაიწყეს ლაპარაკი, რომ ეს რეზერვი, რომელიც ყველგან იქმნება, სამეგრელოშია ეს გასამხედროებული ფორმირება საიდუმლო? იმიტომ, რომ ეს სწორედ ის ხალხია, ვინც 1992 წელს იმ საბაბით, რომ აქ იყო ფორმირებები, შემოვიდნენ და ერთი ოჯახი არ დარჩა სამეგრელოში რომ არ შესულიყვნენ და არ გამოეტანათ იქ შექმნილი დოვლათი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ “ეტყობა ვიღაც-ვიღაცეებს ეფხანებათ ხელი, რომ აქეთ გამოისეირნონ. მაგრამ ნურას უკაცრავად! ერთი რამე შეეშალა. მაშინდელ პრეზიდენტს ერქვა მათი საყვარელი შევარდნაძე. და დღეს მე ვარ და აღარასოდეს დავუშვებ, რომ ვინმემ თითი დააკაროს აქაურობას.“ ზუგდიდში მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების და აფხაზებთან მოლაპარაკები პრობლემასაც შეეხო და განაცხადა, რომ „აფხაზები თავად მოვლენ განვითარებულ წარმატებულ ქვეყანაში. "ჩვენ თუ მივალთ იქით, უნდა მივიდეთ მონებად, თავზე ნაცარი დავიყაროთ და ვუთხრათ, აჰა, მოვედით! ყველაფერი ჩვენი ბრალია, რაც გინდა ის გვიქენი! ასეთ შემთხვევაში რა დღეც დაგვადგება, ძალიან კარგად ვიცით”, - განაცხადა სააკაშვილმა. შაბათს „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა კიდევ 10 ქალაქში გაიმართება, სადაც მმართველი პარტიის მაჟორიტარ კანდიდატებთან ერთად სიტყვით გამოვა მიხეილ სააკაშვილი.
XS
SM
MD
LG