Accessibility links

სააკაშვილი ხელისუფლებას „მუმიებს“ არ გადააბარებს


„ქვეყნის ხელისუფლებას არა მუმიებს, არამედ ახალგაზრდებს გადავაბარებთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს სპორტის სასახლეში გამართულ “ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე განაცხადა. მისივე თქმით, არიან ძალები, რომლებიც არ ერიდებიან ქართულ დემოკრატიას დისკრედიტაციას, ამისთვის არ იშურებენ ასობით მილიონობით დოლარს. პრეზიდენტის განცხადებით, ამ ძალების ერთადერთი მიზანია, არ აღიარონ არჩევნების შედეგები, არ დაეთანხმონ საზოგადოების დემოკრატიულ ნებას, არჩევნების შემდეგ დესტრუქციისა და ესკალაციის გზით არიონ სიტუაცია. “დღეს ხშირად მესმის შეშფოთებული კითხვა სხვადასხვა ადამიანებისგან: რა იქნება არჩევნების შემდეგ? მე გეტყვით რა იქნება არჩევნების შემდეგ. ამ არჩევნებში ქართველი ხალხი აირჩევს მომავალს წარსულის ნაცვლად. თავისუფლებას მონობის ნაცვლად, პროგრესს რეგრესის ნაცვლად. აირჩევს პარტიას, რომელსაც ბოლომდე აქვს მისაყვანი საქმე. აირჩევს “ნაციონალურ მოძრაობას” ერთადერთ ევროპულ ძალას, ჩვენი წინსვლის გადამრჩენელ ძალას. ეს ერთადერთი სწორი არჩევანი დამოუკიდებელი, თავისუფალი, წელში გამართული ერთიანი საქართველოს ასაშენებლად. ჩვენ გავიმარჯვებთ!”- განაცხადა პრეზიდენტმა. 8 სექტემბერს საქართველოს 11 ქალაქში გაიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო ყრილობა. ზუგდიდში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, თელავსა და თბილისში ყრილობის მონაწილეებს უშუალოდ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიმართა.
XS
SM
MD
LG