Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენმ რუსეთს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევაში სდებს ბრალს


საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევად აფასებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რუსეთის მიერ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების გაკრიტიკებას. 10 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნდა მედიისთვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ალექსანდრ ლუკაშევიჩის კომენტარი. შეკითხვას იმის თაობაზე, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში ამასწინანდელი ვიზიტისას კარლ ბილდტმა ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შესაძლო დემონსტრაციების კონტრპროდუქტიულობის გამო გააფრთხილა, ლუკაშევიჩმა უპასუხა, რომ არჩევნებისას დემოკარტიული ნორმების შესაძლო დარღვევებზე რეაქციის წინასწარ შეზღუდვის მცდელობა ”არაბული რევოლუციების” და სხვა საპროტესტო აქციების აქტიური მხარდამჭერი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან მინიმუმ არათანმიმდევრულობაა. საქართველოში “სამოქალაქო უფლებების გამო ლუკაშევიჩის წუხილს” თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის ხელისუფლებისთვის სასურველი სცენარის მკაფიოდ გაცხადება უწოდა ნაციონალური მოძრაობის და პარლამენტის წევრმა გიორგი კანდელაკმა. მისივე შეფასებით, ეს სცენარი სრულიად განსხვავდება საქართველოს მეგობრების სურვილისგან, რომ ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები, რომლის შედეგებსაც აღიარებს ყველა პარტია. კანდელაკის თქმით, რუსეთი, რომლის პრეზიდენტი ღიად ოცნებობს იმპერიის აღდგენაზე, პირდაპირ ამბობს, რომ მისთვის სასურველია არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენება და პოლიტიკური დაპირისპირების ასპარეზად ქუჩის გადაქცევა, რაც შეაფერხებს ქვეყნის განვითარებას და მის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ”სამწუხაროა, რომ რუსეთის ხელისუფლებას ჰყავს საქართველოში დასაყრდენი კოალიცია "ქართული ოცნების" სახით, რომლის რიტორიკა ამ საკითხშიც ემთხვევა რუსეთის მთავრობის რიტორიკას", - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
XS
SM
MD
LG