Accessibility links

tspress.ge-ს რედაქტორი აპირებს შსს-ს მიმართოს ფოთის მშენებარე ტაძრის ეზოში მომხდარის გამო


ინტერნეტგამოცემა tspress.ge-ს რედაქტორი ელისო ჯანაშია აპირებს შსს-ს მიმართოს ფოთის მშენებარე ტაძრის ეზოში 13 სექტემბერს ღამით მომხდარი ინციდენტის გამო. ჟურნალისტი, რომელმაც ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალაც გაავრცელა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს და მის თანმხლემ მამა თევდორეს ადანაშაულებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფასა და აპარატურის დაზიანებაში. ელისო ჯანაშიას განცხადებით, ის ცდილობდა გაერკვია, თუ რა მიზნითაა გაკრული მშენებარე საკათედრო ტაძრის გარშემო საქართველოს პრეზიდენტის და პატრიარქის ფოტობანერები. დღეს ინტერნეტგამოცემა netgazet-მა გაავრცელა პატრიარქის მდივნის მიქაელ ბოტკოველის კომენტარი. ის აღნიშნავს, რომ არსებული ინფორმაციით, ჟურნალისტის მოქმედება და შეკითხვები გამაღიზიანებელი იყო, თუმცა, სასულიერო პირის მხრიდან უხეშობა და ის, რომ კამერას შეეხო, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. პატრიარქის მდივნის განმარტებით, მეუფე გრიგოლი სინოდის წევრია და მის მოქმედებაზე მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ სინოდის კომპეტენციაა. netgazet-ის ცნობითვე, მიქაელ ბოტკოველი დაუშვებელს უწოდებს საქართველოს ეკლესია-მონასტრებში რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მასალის განთავსებას.
XS
SM
MD
LG