Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ხისტი“ სააკაშვილი ოპონენტებს „ჯანსაღი პოლემიკისკენ“ მოუწოდებს


“წინასაარჩევნო პერიოდში ხშირად ვხვდებით მოწმე იმისა, რომ პოლიტიკაში ჩართული ადამიანები იდეების ჭიდილისა და ჯანსაღი პოლემიკის ნაცვლად ღვარძლისა და შეუწყნარებლობის ენას იყენებენ. ხშირად ისეთ შთაბეჭდილებასაც ტოვებენ, თითქოს ერთი ქვეყნის შვილები კი არა, ერთმანეთის მოსისხლე მტრები ვიყოთ. სამწუხაროა, მაგრამ ზოგიერთი ხშირად პოლიტიკურ თუ პარტიულ წარმატებას ქვეყნის წარმატებაზე წინ აყენებს. არც ერთი პოლიტიკური მიზანი, არც ერთი პარტიული ამბიცია არ ღირს იმად, რომ ამას ქვეყნის ერთიანობა და, შესაბამისად, პერსპექტივა ვანაცვალოთ”, - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქუთაისში ბაგრატის ტაძრის წინ გაკეთებულ მიმართვაში. თუმცა, ერთი კვირის წინ ზუგდიდში გამართული „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე მიხეილ სააკაშვილმა 1 ოქტომბრის არჩევნებს „მტრების ბოლო გაფართხალება“ უწოდა და არაერთი სალანძღავი და დამამცირებელი სიტყვით მოიხსენია პოლიტიკური ოპონენტები. „ეტყობა ვიღაც-ვიღაცეებს ეფხანებათ ხელი, რომ აქეთ გამოისეირნონ. მაგრამ ნურას უკაცრავად! ერთი რამე შეეშალა. მაშინდელ პრეზიდენტს ერქვა მათი საყვარელი შევარდნაძე. და დღეს მე ვარ და აღარასოდეს დავუშვებ, რომ ვინმემ თითი დააკაროს აქაურობას. ჩვენი ბავშვები მომავალს აღარ გადავაბარებთ ხელში ყარყარაშვილებს, ხაინდრავებს, შევარდნაძეებს, ვაჟა ლორთქიფანიძეებს და ათასი ჯურის ქურდბაცაცებს, ბანდიტებს, და სამშობლოს გამყიდვლებს. სხვა სახელი მათ არ ჰქვიათ და დროა, რომ სიმართლე ვთქვათ,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდში. ხოლო პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვლმა ახალციხეში 9 სექტემბერს გამართულ ყრილობაზე, ოპონენტებს „დინოზავრები“ უწოდა და განაცხადა, რომ „ისინი უნდა განადგურდნენ, როგორც კლასი“. პარასკევს მიხეილ სააკაშვილმა ყველა პოლიტიკურ ძალას 16 სექტემბერს განახლებული ბაგრატის ტაძრის კურთხევაში მონაწილეობისა და მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ გაერთიანებისკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG