Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალციხეში გაიმართა კოალიცია „ქართული ოცნების" აქცია


ახალციხეში გაიმართა კოალიცია „ქართული ოცნების" აქცია. შეკრებილების წინაშე გამოსვლისას, კოალიციის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა ახალციხელ ამომრჩეველს მოუწოდა 1 ოქტომბრის საპარალმენტო არჩევნებზე „ქართული ოცნებისა“ და მისი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მხარდაჭერისაკენ. „ჩვენ, „ქართულ ოცნებას“ ისეთი სახელმწიფო აშენება გვინდა, რომელშიც ყველაზე თანაბრად იზრუნებს სახელმწიფო, ეროვნებისა და აღმსარებლობის მიუხედავად. დიახ, ასე იქნება, რადგან ჩვენ პატივს ვცემთ ყოველ ადამიანს. და ეს პატივისცემა იქნება საძირკველი, რომელზეც თავისუფალი საქართველოს სამართლიანი სახელმწიფო აიგება. აი, ამას გპირდებით ჩვენ!“ -განაცხადა ივანიშვილმა შაბათის აქციაზე. ახალციხეში ჩასვლამდე ის შეხვდა ახალქალაქის მოსახლეობას. საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ცნობით, ადგილობრივი სომხურენოვანი მოსახლეობის წარმომადგენელებმა ივანიშვილთან საუბარში გამოხატეს ინტერესი რუსეთთან სავაჭრო, კულტურული ურთიერთობების აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების მიმართ. ივანიშვილი მათ დაპირდა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მოაგვარებს ამ საკითხს. ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა ქართულ-სომხური უნივერსიტეტის არსებობის აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, აპირებს ახალქალაქში ქართულ-სომხური უნივერსიტეტის აშენება-ამოქმედებაზე ზრუნვას.
XS
SM
MD
LG