Accessibility links

logo-print

კარელ შვარცენბერგი: ჩვენ ვიქნებით მიუკერძოებელი დამკვირვებლები


თბილისში იმყოფებიან ბულგარეთის, ლატვიის, ლიტვის, რუმინეთისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებმაც პირველი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გრიგოლ ვაშაძემ ევროპელ კოლეგებს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ მათთან შეხვედრისას განიხილებოდა არჩევნების, სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის და ნატოსა და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობის საკითხები. ამავე პრესკონფერენციაზე ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა აუდრონიუს აჟუბალისმა აღნიშნა, რომ თბილისში ვიზიტი მიზნად ისახავს ნატოსა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მიმართ ძლიერი მხარდაჭერის გამოხატვას. აჟუბალისის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს. "ჩვენ აქ ვართ არა რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდასაჭერად, არამედ გვსურს დავინახოთ საქართველოს პროგრესი ნატოსა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე" - განაცხადა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა. საქართველოს ევროპასთან ურთიერთობისას პროგრესის მაგალითი უწოდა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოლაი მლადენოვმა. მან აღნიშნა, რომ ქვეყანას დემოკრატიის მაღალი მაჩვენებელი აქვს და მოუწოდა საქართველოს ყველა მოქალაქეს, მივიდნენ არჩევნებზე, რადგან სწორედ მათი ხმა გადაწყვეტს არჩევნების ბედს. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კარელ შვარცენბერგის თქმით, საპარლამენტო არჩევნებს დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროპისთვის. "ჩვენ ვიქნებით მიუკერძოებელი დამკვირვებლები და იმედია, ჩვენ პოზიციაზე გავლენა არცერთ მხარეს არ ექნება”, - განაცხადა შვარცენბერგმა და დასძინა, რომ საუკეთესო მეგობარია ის, ვინც შეცდომებს ხედავს და გეუბნება. 1 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების აუცილებლობაზე ისუბრა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. ედგარ რინკევიჩის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას თანაბარი პირობები ჰქონდეს და თუ არჩევნების შედეგებს სამართლიანად აღიარებენ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები, ის ყველა პარტიამ უნდა ცნოს. ამავე პრესკონფერენციაზე რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტიტუს კორლეციანმა აღნიშნა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა რეფორმების მხრივ და აღმოსავლეთ პარტნიორობის გზაზე და ევროკავშირს ამ წინსვლის გაგრძელება სურს.
XS
SM
MD
LG