Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

კახეთში საჯარო მოხელეები შვებულებაში მასობრივად გავიდნენ


სიღნაღი
სიღნაღი
კახეთის რეგიონში თითქმის ყველა რაიონის გამგებელი და მათი პირველი მოადგილე შვებულებაში იმყოფება. გამგებლების გარდა შვებულებაში არიან გამგეობებს დაქვემდებარებული საჯარო სამსახურის თანამშრომლები. ისინი ოფიციალურად "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიაში არიან ჩართული. მედიისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ინფორმაციით, თვითმმართველი ორგანოები შეფერხებით მუშაობენ, თუმცა სამსახურების პარალიზება არ მომხდარა.

შვებულებაში იმყოფება ლაგოდეხის გამგებელი დიმიტრი ლოლაძეც. რეპორტაჟის მომზადების დროს გავარკვიეთ, რომ გამგებლის გარდა შვებულებაშია გამგეობის 18 თანამშრომელი და 21 სპეციალისტი სოფლის საკრებულოებში. გამგებლის მოვალეობას ლაგოდეხში გიორგი წვერავა ასრულებს. მისი განცხადებით, ის, რომ 40-მდე საჯარო მოხელე ერთდროულად შვებულებაშია გასული, ამაში საგანგაშო არაფერია:

„გამგეობიდან შვებულებაშია გასული 18 ადამიანი, მათ შორის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი და ერთ-ერთი სტრუქტურული სამსახურის ხელმძღვანელი. შვებულებაში არ არის გასული ტერიტორიული ორგანოს არც ერთი რწმუნებული, თუმცა მუნიციპალიტეტის მასშტაბით ამ ეტაპისთვის შვებულებით სარგებლობს 21 სპეციალისტი. გამგეობის მუშაობას ამ მხრივ შეფერხება არ ჰქონია, ჩვეული რიტმი არ დარღვეულა, პირიქით, სექტემბრის ბოლოს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა დაახლოებით 152 დასრულებულ პროექტს აბარებს და ჩვენ ამ ობიექტს ყოველგვარი პრობლემის და შეზღუდვის გარეშე ჩავაბარებთ.“
გუბერნიაში შესულ მოქალაქეს ეკითხებიან ვისთან არის, რა საკითხზე, და მხოლოდ ამის შემდეგ აძლევენ პასუხს, რომ ახლა არ სცალიათ სამსახურების უფროსებს და არჩევნების შემდეგ გადახედავენ მათ პრობლემას. როცა წინასაარჩევნოდ ყურადღებას არ აქცევენ მოქალაქეებს, როგორ შეიძლება ეს მოხელეები არჩევნების შემდეგ ვინმეს დაეხმარონ...
გიორგი მოსიაშვილი

ის, რომ გამგეობებსა და საკრებულოებში თანამდებობის პირები შვებულებაში მასობრივად გავიდნენ, საგანგაშოს უწოდებს პოლიტიკური პარტია "თავისუფალი საქართველოს" კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი მოსიაშვილი. მისი ინფორმაციით, დღეს კახეთში ფასიან შვებულებაში 400-მდე საჯარო მოხელე იმყოფება. ოპოზიციონერის თქმით, ამის გამო, პირველ რიგში, მოსახლეობა დაზარალდა:

„კახეთის მასშტაბით ფასიან შვებულებაშია გასული 400-მდე საჯარო მოხელე. აქვე აღვნიშნავ, რომ კახეთის მხარის გუბერნიაში დღის ნებისმიერ მონაკვეთში ვერ იპოვით ადგილზე თანამდებობის პირს, რომელიც კომპეტენტურია ამა თუ იმ საკითხზე. გაკეთებულია პოლიციის კორდონი, გუბერნიაში შესულ მოქალაქეს ეკითხებიან ვისთან არის, რა საკითხზე, და მხოლოდ ამის შემდეგ აძლევენ პასუხს, რომ ახლა არ სცალიათ სამსახურების უფროსებს და არჩევნების შემდეგ გადახედავენ მათ პრობლემას. როცა წინასაარჩევნოდ ყურადღებას არ აქცევენ მოქალაქეებს, როგორ შეიძლება ეს მოხელეები არჩევნების შემდეგ ვინმეს დაეხმარონ.“

მასობრივი შვებულებებით გამგეობების პარალიზება არ მომხდარა, თუმცა შექმნილ პირობებში ინფორმაციის მოპოვება უძნელდებათ მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, - აცხადებს ჟურნალისტი და კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გელა მთივლიშვილი. მისივე თქმით, პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ ის ადამიანებიც, რომლებიც გამგეობებს სხვადასხვა საკითხის მოგვარების იმედით აკითხავენ:

„როცა ჩვენ ვაგზავნით განცხადებებს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე, კანონით დადგენილ დროში ადეკვატურად ვერ ვიღებთ პასუხს და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ საჯარო მოხელეთა უმრავლესობა შვებულებაშია გასული. ადგილზე არიან მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ვერ იღებენ გადაწყვეტილებას ვერც ერთ საკითხზე. რაიონული ცენტრებიდან დაშორებული სოფლების მოსახლეობას უწევს ადმინისტრაციულ ცენტრში 3-4 გზის ვიზიტი, თუმცა კონკრეტულ პასუხს მაინც ვერ იღებს. შესაძლებელია ამ ადამიანებმა საარჩევნო წლის დასასრულამდე ვერ მოახერხონ საკუთარი პრობლემის მოგვარება.“
ჩვენ გვქონდა რეკომენდაციები იმის თაობაზე, რომ გამგებლებს, გუბერნატორებს და თანამდებობის იმ პირებს, ვინც არ არის არჩეული პირდაპირი საარჩევნო წესით, არ ჰქონოდათ უფლება, მიეღოთ მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში და აგიტაციაში. თუმცა ეს არ გათვალისწინეს და, პირიქით, მათი უფლებები წინასაარჩევნო კამპანიაში გაიზარდა...
ნინო რიჟამაძე

კახეთში მასობრივი შვებულებების შესახებ საქმის კურსში არიან არასამთავრობო ორგანიზაციებიც. „სამართლიანი არჩევნების“ იურისტი ნინო რიჟამაძე ამბობს, რომ თუ საჯარო მოხელე შვებულებაშია, მას წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვა არ ეკრძალება. თუმცა რიჟამაძეს უკვირს, როგორ გაუჩნდა ერთდროულად ამდენ საჯარო მოხელეს წინასაარჩევნო პროცესში ჩართვის სურვილი. რიჟამაძის თქმით, ისინი კანონპროექტის მიღების დროს წინააღმდეგნი იყვნენ გამგებლებს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლება მინიჭებოდათ, მაგრამ მათი აზრი მაშინ არ გაითვალისწინეს:

„ჩვენ გვქონდა რეკომენდაციები იმის თაობაზე, რომ გამგებლებს, გუბერნატორებს და თანამდებობის იმ პირებს, ვინც არ არის არჩეული პირდაპირი საარჩევნო წესით, არ ჰქონოდათ უფლება, მიეღოთ მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში და აგიტაციაში. თუმცა ეს არ გათვალისწინეს და, პირიქით, მათი უფლებები წინასაარჩევნო კამპანიაში გაიზარდა.“

2012 წლის 1 აგვისტოდან შვებულებაში იმყოფება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის 38, გურჯაანის გამგეობის 57 და ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის 23 თანამშრომელი. მათ უმრავლესობას შვებულება 2 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების მეორე დღეს, უმთავრდება.
  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG