Accessibility links

ომბუდსმენი მოითხოვს გლდანის დაწესებულებაში მომხდარ ფაქტებში მონაწილეთა პასუხისგებაში მიცემას


საქართველოს სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს მოუწოდებს, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს პატიმართა მიმართ დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტებში მონაწილე ყველა დამნაშავე პირი. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, "ყველა ის პირი, რომელიც რაიმე სახით, თუნდაც მდუმარე თანხმობით, ხდება იმ ქმედებების ჩადენა, ამ კონკრეტულ, ნომერ მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, უნდა უმკაცრესად დაისაჯოს. მე არ ვგულისხმობ სამსახურიდან დათხოვნას, ან დისციპლინური ზომების გამოყენებას. აქ საუბარია სისხლისსამართლებრივ გამოძიებაზე და ყველა ამ პირის პასუხისგებაში მიცემაზე". ომბუდსმენ გიორგი ტუღუშის ეს მოწოდება მოჰყვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომ დაიწყო გამოძიება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზოგი თანამშრომლის მიერ პატიმრებისადმი დამამცირებელი, ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე. შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ „მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, ოპერატიული მორიგე ინსპექტორი ვლადიმირ ბედუკაძე (ის 2012 წლის მაისში დაითხოვეს) და მათი გავლენის ქვეშ მყოფი რამდენიმე პირი ახორციელებდა პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, რასაც იღებდნენ ვიდეოფირზე“. საქართველოს ტელეარხებმა 18 სექტემბერს, საღამოს აჩვენეს ციხეში ცემის შემთხვევების ამსახველი კადრები. შსს-ს განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ პატიმრებს სცემდნენ და ამას ვიდეოფირზე იღებდნენ სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, რომელსაც მათ სთავაზობდა მე-8 საპყრობილეშივე მყოფი პატიმარი, თამაზ თამაზაშვილი. ომბუდსმენი თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულება ყოველთვის გამოირჩეოდა პატიმართა უფლებების უგულებელყოფისა და დარღვევის სიმრავლით. შსს-ს განცხადებასა და გლდანის დაწესებულებაში პატიმრებისადმი არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებას გამოეხმაურა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი, ხათუნა კალმახელიძეც. მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბოლო წლების განმავლობაში პენიტენციურ სისტემაში ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მაგრამ ვიდეოკადრები არის "სრულიად შემზარავი" და პატიმრებისადმი არაადამიანური მოპყრობის ფაქტები ადასტურებს, რამდენად ბევრია გასაკეთებელი საქართველოში "თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების სასჯელაღსრულების სისტემის ჩამოსაყალიბებლად". შინაგან საქმეთა სამინისტროს დღევანდელი განცხადება, თამაზ თამაზაშვილის წინააღმდეგ, პრევენცია იყო, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” “ქართული ოცნების” პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებას ჰქონდა ინფორმაცია, რომ არსებობდა გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალა და უბრალოდ დაასწრო მის გავრცელებას და ბრიფინგის მეშვეობით გაახმაურა აბსურდული ინფორმაცია, რომელშიც თამაზ თამაზაშვილს ადანაშაულებს. “ეს მასალა არსებობდა. ამის შესახებ იცოდა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ისე მთლიანად ხელისუფლებამ. სხვას ვერაფერს ვიტყვი, ეს იყო პრევენცია. როგორ შეიძლება ჭკუაზე მყოფმა ადამიანმა დაიჯეროს, რომ ამ პროცესებს, რომლებიც კადრებში არის ასახული და არის ამაზრზენი სურათი სასჯელაღსრულების სამინისტროში არსებული ვითარების, თამაზ თამაზაშვილი უკვეთავდა”, - განაცხადა ფანჯიკიძემ, იუწყება სააგენტო “ინტერპრესნიუსი". საქართველოს ომბუტსმენმა, გიორგი ტუღუშმა, რადიო თავისუფლებას ასევე განუცხადა, რომ მისი წარმომადგენლები გლდანის დაწესებულებაში იმყოფებოდნენ. ტუღუშის თქმით, მან თავის თანამშრომლებს დაავალა, კონფიდენციალურად გასაუბრებოდნენ თამაზ თამაზაშვილს და გაერკვიათ, რაიმე სახის ზეწოლას ხომ არ ჰქონდა მასზე ადგილი. ვიდეოკადრების გავრცელებას მოჰყვა საპროტესტო გამოსვლები, თბილისში, გლდანის მერვე საპატიმროსთან, ასევე ფილარმონიის შენობასთან, ასევე ქუთაისში და ბათუმში. ჟურნალისტებმა ნინო ფორჩხაძემ და ლიზა გეგეჭკორმა, ასევე, ემიგრანტმა ზურაბ მაისურაძემ ფილარმონიასთან შიმშილობა გამოაცხადეს. მათი განცხადებით, პროტესტის უკიდურეს ფორმას იქამდე გააგრძელებენ, სანამ სასჯელაღსრულების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე არ გადადგება და ქვეყანაში არსებული სიტუაცია არ შეიცვლება, იტყობინება სააგენტო "ინტერპრესნიუსი".
XS
SM
MD
LG