Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ქართული ოცნება” აცხადებს, რომ ხელისუფლება პროვოკაციას ამზადებს


კოალიცია ”ქართული ოცნება” აცხადებს, რომ საზოგადოების ყურადღების გადასატანად ხელისუფლება ფართომასშტაბიან პროვოკაციას ამზადებს. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე კოალიციის წარმომადგენელმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ პროვოკაციის მიზნით შს-თა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ და მისმა ძმამ თბილისის სხვადასხვა უბანში შეისყიდეს 20-ზე მეტი ბინა, სადაც იარაღია შეტანილი. სუბარის თქმით, შესაბამისი ინფორმაცია შვეიცარიაში მყოფ ჟურნალისტს ვახტანგ კომახიძეს მიაწოდა ინფორმირებულმა წყარომ, რომელსაც ფართომასშტაბიანი პროვოკაციის მზადების უტყუარი მტკიცებულებები აქვს. ”რა არის ბინების შეძენისა და იარაღის შეზიდვის ზუსტი მიზანი ცხადია, არ ვიცით, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ მზადდება ტელესერიალები იმის შესახებ, თუ როგორ გეგმავენ ე.წ. სამშობლოს მტრები, ან რომელიმე ქვეყნის ჯაშუშები არეულობებს”, - განაცხადა სოზარ სუბარმა. მისივე შეფასებით, ხელისუფლება სწორედ ამაზე აპირებს საზოგადოების ყურადღების გადატანას, რათა სცადოს ძალაუფლების შენარჩუნება. სუბარის თქმით, ”ქართული ოცნება” კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ არჩევნების გზით სურს და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, ამ დღეებში გამადიდებელი შუშით დააკვირდეს ხელისუფლების საქმიანობას რათა გამოირიცხოს რაიმე ტიპის პროვოკაცია და ქვეყანა არჩევნებამდე მშვიდად მივიდეს.
XS
SM
MD
LG