Accessibility links

logo-print

წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაკავებულ ათ თანამშრომელს


საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაკავებულ 10 თანამშრომელს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 4 პირს პატიმრობა წამების მუხლით შეეფარდა, 6 კი პატიმრებისადმი დამამცირებელი მოპყრობისთვის. პატიმართა წამების და მათდამი არაადამიანური მოყრობის ამსახველი ვიდეოკადრები ორ კატეგორიად დაჰყო საქართველოს მთავარმა პროკურორმა. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე მურთაზ ზოდელავამ განაცხადა, რომ ვიდეომასალის პირველი კატეგორია ასახავს სისტემურ დანაშაულს, რომლის გამოც უკვე დაკავებულნი არიან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირები. რაც შეეხება მეორე კატეგორიას, ზოდელავამ ამ დანაშულის ჩამდენებს პირობითად უწოდა ბედუკაძე-ფურცხვანიძის დაჯგუფება. ”ეს ჯგუფი გამოირჩევა განსაკუთრებული სისასტიკით, დანაშაულს სჩადიან ანგარებით და იმ მიზნით, რომ ასახული დანაშაული გადასცენ მესამე პირებს”, - განაცხადა მთავარმა პროკურორმა. მურთაზ ზოდელავას თქმით, ამ დანაშაულისთვის ბედუკაძემ უკვე მიიღო 2 მილიონი დოლარი. მთავარი პროკურორის მტკიცებითვე ბედუკაძე და ფურცხვანიძე მესამე პირებთან კონტაქტს ამყარებდნენ გლდანის მე-8 საპყრობილეში მყოფ თამაზ თამაზაშვილის და ასევე, თამაზ ელიზბარაშვილის მეშვეობით. თავის მხრივ, გლდანის მე-8 საპყრობილის ყოფილი მორიგე ინსპექტორი, ძებნილად გამოცხადებული ვლადიმერ ბედუკაძე, რომელიც ამჟამად ბრიუსელში იმყოფება, ირწმუნება, რომ საქმესთან თამაზ თამაზაშვილს არანაირი კავშირი არ აქვს. ბედუკაძის განცხადებითვე, პატიმრების წამების ამსახველ ვიდეოკადრებს დაწესებულების ხელმძღვანელობის დავალებით იღებდა და მასალის ნაწილის გატანა სასჯელაღსრულების სისტემიდან მას შემდეგ შეძლო, რაც ადმინისტრაციას მსგავსი მასალების ”სათვალავი აერია.” ბედუკაძე პატიმრების წამებასა და ერთ-ერთი მათგანის სერგო თეთრაძის გარდაცვალებაში შს-თა ამჟამინდელ მინისტრს ბაჩო ახალაიას ადანაშაულებს.
XS
SM
MD
LG