Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ მივიზიდოთ ხალხი არჩევნებზე


როგორ იყენებენ აშშ-ში პოლიტიკური კამპანიები პერსონალურ მონაცემებს, ქცევის ფსიქოლოგიას და კომპიუტერულ ალგორითმებს, რათა ადამიანები არჩევნების დღეს მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და ხმები ამ კამპანიაში მონაწილეთა სასურველ კანდიდატებს მისცენ? არჩევნებში გამარჯვების ამ და სხვა „საიდუმლო ტექნიკაზე“ ახალი წიგნი დაწერა ამერიკელმა ჟურნალისტმა საშა ისენბერგმა, რომელსაც ჩვენი რადიოს თანამშრომელმა ჰეზერ მაჰერმა რამდენიმე შეკითხვით მიმართა.

„კამპანიის წარმატების საიდუმლო ტექნოლოგია: გამარჯვების ლაბორატორია“ - ასე ჰქვია ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტის საშა ისენბერგის წიგნს, რომელიც, როგორც თავად ავტორი ამბობს, იმ ძირითად ინოვაციებს ეხება, რომელმაც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში პოლიტიკური კამპანიებისას იჩინა თავი.
მათ შორის წიგნში მოტანილია მაგალითი ადამიანების ფსიქოლოგიური მანიპულაციისა, მათივე პერსონალური მონაცემების გამოყენებით, რომელიც ერთ-ერთი საარჩევნო კამპანიის დროს თავად წიგნის ავტორს შეემთხვა.

ეს მოხდა 2006 წელს, მიჩიგანში გუბერნატორის არჩევნების წინა პრაიმერისის დროს, როდესაც კამპანიის ელექტრონული მიმოწერის კონსულტანტმა ექსპერიმენტს მიმართა და, შემთხვევითი ტესტის სახით, ადრესატებს დაუგზავნა ოთხი განსხვავებული შინაარსის წერილი. ერთ-ერთში ნათქვამი იყო: „ძვირფასო საშა, თქვენი, როგორც ამომრჩევლის, არჩევნებში მონაწილეობის ისტორია საჯაროდ ხელმისაწვდომია ამ დოკუმენტში“. აქ ჩამოთვლილი იყო ექვსი თუ მეტი არჩევნები და ის, მიიღო თუ არა მათში მონაწილეობა წერილის ადრესატმა. შემდეგ ნათქვამი იყო: „იხილე არჩევნებში შენი მეზობლების მონაწილეობის ისტორია“. შერჩეული იყო რამდენიმე ადამიანი ქუჩიდან და შეგროვილი იყო მათი მონაცემები, ანუ მიიღეს თუ არა მათ მონაწილეობა ბოლო ექვს არჩევნებში.“ მერე კი ეწერა: „ახლოვდება მორიგი არჩევნები, რომლის შემდეგაც ყველა თქვენგანს დაეგზავნება არჩევნებში მონაწილეობის განახლებული მონაცემები“.

ჟურნალისტ საშა ისენბერგის თქმით, რომელიც ავტორია წიგნისა „გამარჯვების ლაბორატორია“, მონაცემთა ბაზის გამოყენებით მანიპულაციას შედეგად ამომრჩეველთა ისეთი ფართო მონაწილეობა მოჰყვა, რომლის მსგავსი არც ერთი გუბერნატორის არჩევნებისას არ ყოფილა. ჟურნალისტის თქმით, ასეთ კონცეფციას ქცევის ფსიქოლოგიაში ეწოდება „სოციალური ნორმა“ და კარგი მოქალაქის სტანდარტის ჩამოყალიბებას ემსახურება.

შეკითხვას, თუ რომელი საპრეზიდენტო კანდიდატი უფრო უკეთ იყენებს მონაცემთა ბაზის ტექნოლოგიას და ქცევის ფსიქოლოგიას, მიტ რომნი თუ ბარაკ ობამა, საშა ისენბერგი ასე უპასუხებს:

„ამჟამად ობამას კამპანია ბევრად უსწრებს რომნისას. პრეზიდენტად ხელახალი არჩევნების კამპანიას ყოველთვის ახასიათებს ერთი დიდი უპირატესობა: თუ შენი მეტოქის განკარგულებაში მხოლოდ ექვსი, 12 ან 18 თვეა და ის იძულებულია, ამ მცირე დროში ბევრი რამ მოასწროს, როცა მოქმედი პრეზიდენტი მეორე ვადით არჩევნებში მონაწილეობ, განკარგულებაში გაქვს ოთხი წელი, რათა ბიუჯეტიც დაგეგმო და გამოკვლევებიც გეგმიურად ჩაატარო.“
XS
SM
MD
LG