Accessibility links

გიორგი ტუღუშის ინიციატივით გლდანის საპყრობილეში ჟურნალისტები იმყოფებოდნენ


სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა ახალი მინისტრის გიორგი ტუღუშის ინიციატივით, დღეს მასთან ერთად გლდანის მე-8 საპყრობილეში ჟურნალისტები იმყოფებოდნენ. მათ პატიმრები საკნების გისოსებზე ბრახუნით, შეძახილებით და ტაშით ესალმებოდნენ. მედიის წარმომადგენლებს მსჯავრდებულებთან გასაუბრების საშუალება ეზოდან მიეცათ. დაწესებულების პირველი სართულის საკნებში მყოფი პატიმრები აცხადებდნენ, რომ მათთვის უმძიმესი მდგომარეობა ბოლო სამი დღეა შეიცვალა და ადასტურებდნენ, რომ მანამდე ხდებოდა ის, რაც საჯაროდ გავრცელებულ ვიდეოკადრებშია ასახული. პატიმრები ითხოვენ სასჯელის დარჩენილი ვადის ნორმალურ პირობებში მოხდას და აცხადებენ, რომ დაწესებულებაში დარჩენილნი არიან დანაშაულის ხელშემწყობი ოფიცრები, რომლებიც ნორმალურად იქცევიან მხოლოდ საპატრულო პოლიციის თანდასწრებით და ამიტომ ციხის ეს თანამშრომლები უნდა შეიცვალონ. მსჯავრდებულებს მიმართა ახალმა მინისტრმა გიორგი ტუღუშმა, რომელმაც განაცხადა, რომ მათ ხელს ვეღარავინ დააკარებს, პატიმართა მდგომარეობა გაუმჯობესდება და ამის გარანტი პირადად იქნება. ტუღუშის თქმით, ის გაესაუბრება თითოეულ პატიმარს, მოიძიებს ინფორმაციას და სამსახურიდან დაითხოვს ყველა რიგითს, თუ თანამდებობის პირს, ვინც შემჩნეულია პატიმართა წამებაში.
XS
SM
MD
LG