Accessibility links

logo-print

ომბუდსმენის პრევენციულმა ჯგუფმა მონიტორინგი განახორციელა ქსნის N15 დაწესებულებაში


სახალხო დამცველის აპარატმა გამოაქვეყნა ვრცელი ინფორმაცია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებაში მყოფი პატიმრებისგან მიღებული ახსნა-განმარტებების შესახებ, რომელთა თანახმად, მსჯავრდებულთა ცემა და დამამაცირებელი მოპყობა წლების პრაქტიკაა. ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები ბოლო დღეების განმავლობაში რამდენჯერმე იმყოფებოდნენ თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, ზუგდიდის, გეგუთის, რუსთავის და ასევე, ქალთა დაწესებულებებში, სადაც პატიმრებმა ყურადღება გაამახვილეს წარსულში მომხდარ არასათანადო მოპყრობის მნიშვნელოვან ფაქტებზე და ომბუდსმენის რწმუნებულებს გადასცეს კოლექტიური განცხადება-საჩივრები შესაბამისი რეაგირებისთვის. სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნავს, რომ დაუყოვნებლივ იწყებს მიღებული განცხადებების შესწავლას. აპარატის ცნობითვე, ყველა დაწესებულებაში პატიმრები მიუთითებენ, რომ ბოლო დღეებში მათ მიმართ მოპყრობა გაუმჯობესდა, თუმცა ითხოვენ წარსულში განვითარებულ მოვლენებზე დამნაშავე პირების დასჯას. ომბუდსმენის აპარატმა ინფორმაცია გაავრცელა საგანგებო მონიტორინგზეც ქსნის დაწესებულებაში, სადაც 526 მსჯავრდებულმა მოაწერა ხელი კოლექტიურ ახსნა-განმარტებას ადმინისტრაციის და თანამშრომლების მხრიდან წარსულში განხორციელებული არასათანადო, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის შესახებ. მსჯავრდებულებმა დაასახელეს კონკრეტული პირებიც, მათ შორის ქსნის დაწესებულების დირექტორი შოთა თოლორდავა და განაცხადეს, რომ მზად არიან გამოძიებას დეტალური ჩვენება მისცენ. 500-ზე მეტი პატიმრის კოლექტიურ ახსნა-განმარტებას საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფი მთავარ პროკურატურას უგზავნის. ომბუდსმენის აპარატი ასევე აღნიშნავს, რომ ქსნის დაწესებულებაში მყოფმა 700-ზე მეტმა პატიმარმა აგვისტოშიც მოაწერა ხელი კოლექტიურ ახსნა-განმარტებას მათ მიმართ ფიზიკური და სხვა სახის ზეწოლის შესახებ და დაასახელა კონკრეტული პირებიც, რასაც პროკურატურის მხრიდან დღემდე არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ომბუდსმენის აპარატი აცხადებს, რომ რეაგირება არ მოჰყოლია არც იმავე ქსნის დაწესებულების 161 მსჯავრდებულის კოლექტიურ საჩივარს, რომელიც სახალხო დამცველმა მთავარ პროკურატურას ჯერ კიდევ 2010 წელს გადასცა. ომბუდსმენის აპარატი კვლავ მიმართავს მთავარ პროკურორს, მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად გამოიძიოს ქსნის დაწესებულების მსჯავრდებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ყველა ფაქტი.
XS
SM
MD
LG